
2025 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები გაიმართება. ოპოზიციური პარტიების მონაწილეობაზე და მათ შანსებზე Jnews-ს ესაუბრა სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ, კოტე კანდელაკმა.
რამდენიმე თვეა, ოპოზიციური პარტიები მიტინგებს მართავენ და ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ოპოზიციურ პარტიებს ჯერ მკაფიოდ არ განუცხადებიათ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას წლევანდელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ამ დროისთვის ამის შესახებ მხოლოდ პარტია „გახარია საქართველოსთვის“–მა განაცხადა.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე- კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას ფაქტობრივად აზრი არ ექნება.
„რომ გადავხედოთ შანსს ვერ დავინახავთ. ზაფხულამდე თუ რამე არ შეიცვლება, ძალიან ძნელია რამის თქმა. თავადაც არ იციან მონაწილეობას მიიღებენ თუ არა. ზოგიერთი პარტია ცხადად ამბობს, რომ მონაწილეობას არ მიირებს, მანამ სანამ საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება და პატიმრები არ გათავისუფლდებიან. ჩემი აზრით, 2020 წლის სისტემა უნდა დაბრუნდეს”, – ამბობს კოტე კანდელაკი.
გასული წლის ბოლოს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა გაიზრდება, პროპორციულთა რაოდენობა კი შემცირდება. ახალი ცვლილებებით საკრებულოში 15 პროპორციული დეპუტატი უნდა იყოს, დანარჩენი კი მაჟორიტარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის არჩევნებზეც შევიდა ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და 38-ის ნაცვლად 42 დეპუტატი აირჩიეს. მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა მაშინ 23-დან 14-მდე შემცირდა, ხოლო პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 14-ის ნაცვლად 28 გახდა.
ახლა, მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, კვლავ ხდება ძველ სისტემაზე დაბრუნება. ბევრი ექსპერტის აზრით, პარტია „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში საკუთარი ინტერესებისთვის ახორციელებს.
კოტე კანდელაკის აზრით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არცთუ ისე მკაფიოდ საუბრობს ადგილობრივ არჩევნებში მათ მონაწილეობაზე. კითხვაზე, რა მოხდება, თუ ოპოზიციური პარტიები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, კანდელაკი პასუხობს:
„თუ ოპოზიციური პარტიები არ მიიღებენ მონაწილეობას, მაშინ სხვა პარტიები მიიღებენ. ძირითადად, მათ გაუჭირდებათ დიდ ქალაქებში. ოპოზიცია იქ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ ძირითადად 2/3 არაფერს შეცვლის. მმართველი პარტია გაიმარჯვებს მუნიციპალიტეტების უმეტესობაში, რადგან სისტემა, საარჩევნო კანონმდებლობა მმართველი პარტიის სასარგებლოდ თამაშობს.ისინი კანონმდებლობა საკუთარ თავზე მოირგეს. მხოლოდ პროპორციული სისტემა რომ ყოფილიყო, ოპოზიციას უფრო მეტი შანსი ექნებოდა“.
თუ ოპოზიციური პარტიების აზრი ჯერჯერობით გაურკვეველია, პოლიტპატიმრების მშობლების პოზიცია ძალიან ზუსტია. ისინი აცხადებენ, რომ არავინ უნდა აღიქვას მათი შვილების ბედი მოლაპარაკების საგნად- არც მთავრობამ და არც ოპოზიციამ. მათი მოთხოვნები უცვლელია -ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პატიმრების გათავისუფლება.