თითქმის ოცდაათი წელია, რაც სოფელ დილისკასთან ახლოს მდებარე ხეობა სოფლის მაცხოვრებელთა ნაგავსაყრელს ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან სოფლის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენებს ნაგვის ურნაში ყრის, ნაგავსაყრელი მაინც არ ქრება. მეტიც, წელს ნაგავსაყრელზე ასობით ტონა გაფუჭებული კარტოფილი გადაყარეს.

Diliskaaxb5

Diliskaaxb4

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის- მნაცაკან ფამბუხჩიანის თქმით, დილისკას ნაგავსაყრელი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უდიდესი ნაგავსაყრელია, რომლის გაწმენდა არა მხოლოდ ტექნიკურად რთულია, არამედ სერიოზულ ფინანსურ რესურსებსაც საჭიროებს. ნაგავსაყრელი ძალიან მოუხერხებელ ადგილას მდებარეობს – ხევის პირას, მისი გაწმენდა რთული საკითხია, რადგან ტექნიკას იქ თავისუფლად მუშაობა არ შეუძლია.

„დილისკას ნაგავსაყრელის საკითხი რთულია. მისი გაუქმება არა მხოლოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, არამედ იქ ტექნიკაც ვერ შევა, ხომ იცით ნაგავსაყრელი ხევშია. კონკრეტული გადაწყვეტილება არ გვაქვს, თუ როგორ ვაპირებთ ამ ნაგავსაყრელის საკითხის მოგვარებას. ყველაზე დაბინძურებული ადგილები გავაუქმეთ, ალასტანში იყო გავაუქმეთ, ბეჟანოშიც თითქმის მოვაგვარეთ ეს საკითხი, ხანდოშიც დავხურეთ, მართალია ხანდოში კარტოფილს ისევ ყრიან, რაც ჩემი აზრით, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემურია დილისკას საკითხი, ადრინდელი დაყრილი ნაგავია, ხანდოზე ძველიც კი“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა.

Diliskaaxb7

დილისკას ხევის ტერიტორიაზე მძაფრი სუნი დგას. ფრინველები და ძაღლები ათრევენ და ავრცელებენ დაგროვილ ნაგავს. სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ნაგავს სანაგვე ურნებში ყრიან.

„წელს იძულებული ვიყავით გაფუჭებული, დამპალი კარტოფილი იქ დაგვეყარა. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარ ნაკვეთებზე ორმოები გათხარეს და იქ დაყარეს, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც ადგილი არ ჰქონდა და იძულებულები გახდნენ ტომრებით კარტოფილი ნაგავსაყრელზე წაეღოთ“, – თქვა სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა- მარტინ მარაბიანმა.

axbDiliska

Diliskaaxb6

ახალქალაქის სერვის ცენტრის წარმომადგენელი, მხითარ რსტაკიანი ამბობს:

„დილისკას ნაგავსაყრელი ათწლეულების ისტორიის მქონეა, ახლა იქ ნაგავი არ იყრება, რადგან სოფელში ნაგვის ურნებია განთავსებული. ცოტა ხნის წინ ისევ გავზარდეთ სანაგვე ურნების რაოდენობა, თუ არ ვცდები 46 სანაგვე ურნა გვაქვს დამონტაჟებული. ნაგვის შეგროვებას ნორმალურად ვახორციელებთ, შემიძლია ვთქვა, რომ სოფლის ნაგავსაყრელზე ახალი ნაგავი არ იყრება, მხოლოდ წელს გაფუჭებული კარტოფილი დაიყარა, რადგან საერთო ნაგავსაყრელზე კარტოფილის დაყრა დაუშვებელია.

Diliska axb2

Diliskaaxb8

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განცხადებით, ეკოლოგიური თვალსაზრისით და მათი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სუფთა იყოს ჩვენი ბუნება და ზიანი არ მიაყენოს ადამიანების ჯანმრთელობას.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი წლებია იბრძვის სოფლებში, ხეობებსა და გზებზე ნაგვის გროვის აღმოსაფხვრელად და ნაგვის რეგულარული შეგროვების ორგანიზებისთვის. თუმცა, ყოველ ჯერზე ახალ დაბრკოლებებს აწყდება, როგორც ეს იყო სოფელ ხანდოს ნაგავსაყრელის შემთხვევაში. როგორც Jnews-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, ხალხი იძულებულია ასობით ტონა გაფუჭებული კარტოფილი გადაყაროს ხანდოს დახურულ ნაგავსაყრელზე, რადგან ადგილი სხვაგან არსად არ აქვთ. დილისკას ნაგავსაყრელის ბედი კი გაურკვეველია. ადგილობრივ ხელისუფლებას ამ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.