ახალი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ქართულ სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე უცხო ენის დანერგვა იგეგმება. ჩინური ენის ოფიციალურად დანერგვამ სკოლებში მრავალი სახის გამოხმაურება გამოიწვია. ახალქალაქის სოფელ ბურნაშეთიდან ზინა კურღინიანი პროფესიით სინოლოგია და ამ სიახლესთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს.

ზინა სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთი-სინოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე.

„ჩინური ენა მომავალში შეიძლება ზოგიერთ პროფესიისთვის სასარგებლო იყოს, თუმცა ვფიქრობ, რომ მის სავალდებულოდ დანერგვა საქართველოში სწორი არ იქნება, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, როგორიც ჯავახეთია,“ -ამბობს ზინა.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბევრი მოსწავლე უკვე ძლივს ითვისებს სახელმწიფო ენას – ქართულს და საერთაშორისო კომუნიკაციის ძირითად ენას – ინგლისურს.

„თუ ეს საფუძვლები მყარი არ არის, ახალი ენის დამატება შეიძლება დახმარების მაგივრად მოსწავლეებისთვის დამატებითი ტვირთი გახდეს,“ – აღნიშნა ის.

ზინამ ჩინური ენა საკუთარი სურვილით აირჩია – დიდი ენთუზიაზმითა და გაცნობიერებით, რომ ეს რთულ და გრძელვადიან სასწავლო პროცესს მოიცავდა. მისი თქმით, ჩინურ ენას აქვს ტონალური სისტემა, ათასობით იეროგლიფი. ის მოითხოვს დიდ მოთმინებას, თანმიმდევრულობასა და შთაგონებას.

ჩინური თავისი სტრუქტურითა და კულტურული კონტექსტით მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროპული ენებისგან. შესაბამისად, ენის სწავლებას სჭირდება არა მხოლოდ სპეციალიზებული მასწავლებლები, არამედ შესაბამისი მიდგომაც — მორგებული მოსწავლეთა ასაკობრივ, გონებრივ და ენობრივ შესაძლებლობებზე.

ზინას აზრით, განათლების სისტემა ინდივიდუალური მიდგომით უნდა იხელმძღვანელოს და არა იძულებითობით. „ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს ენების დამატება მხოლოდ მათი დამატების მიზნით, არამედ რეალური და მყარი საგანმანათლებლო საფუძვლების უზრუნველყოფა მოსწავლის საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

ჩინური შეიძლება გახდეს ძლიერი ინსტრუმენტი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც აქვთ მკაფიო ხედვა მომავლის შესახებ, იქნება ეს დაკავშირებული ჩინეთთან, აღმოსავლეთმცოდნეობასთან თუ საერთაშორისო ურთიერთობებთან. თუმცა, ყველა მოსწავლეზე ერთი და იგივე საგანმანათლებლო მოდელის დაწესებამ წინაპირობების შეფასების გარეშე შეიძლება გამოიწვიოს საპირისპირო ეფექტი.

სხვადასხვა რეგიონის საგანმანათლებლო მრავალფეროვნებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზინას პერსპექტივა გვახსენებს მნიშვნელოვან პრინციპს- განათლება უნდა ემსახურებოდეს პიროვნების განვითარებას და არ გადაიქცეს გაურკვევლობასა და ზედმეტ ტვირთად.

ზინა, თავისი ამბის გაზიარებისას, ამბობს, რომ ჩინური ენის არჩევა მისთვის უბრალოდ პროფესიული გადაწყვეტილება არ ყოფილა – ეს იყო შინაგანი მიდრეკილება ერთ სამყაროსკენ, რომელიც ერთდროულად რთული და მომხიბვლელი იყო. ამ გზაზე მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახის მხარდაჭერას. ზინას მამამ და პაპამ დიდი ენთუზიაზმით მიიღეს მისი არჩევანი.სამწუხაროდ, ოჯახის გარეთ ყველას ასეთი დამოკიდებულება არ ჰქონდა- ბევრმა სკეპტიკურად შეხვდა მის გადაწყვეტილებას და ეჭვქვეშ დააყენეა,რამდენად შესაძლებელი იყო ამ სპეციალობის პრაქტიკული რეალიზება ჯავახეთში.

zina 1

„დღეს ჩემს თავს სწორ ადგილას ვგრძნობ. მიყვარს ჩემი პროფესია. ყოველი ლექციის შემდეგ ენერგიით და შთაგონებით ვივსები. ერთმა ნაცნობმა ერთხელ მითხრა: ზინა, შენს გაბრწყინებულ თვალებს რომ ვუყურებ, ვხვდები – სწორ გზაზე ხარ. შენი გაბრწყინებული თვალები ყველაფერს ამბობს“.

ეს გზა იმიტომ ავირჩიე, რომ მარტივი არ იყო და რომ ეს ჩემი გზაა. სინოლოგიაში ენა, კულტურა, მიდგომა ძალიან რთულია. მაგრამ ჩემი შინაგანი ცეცხლი ყველა სირთულეზე ძლიერია. როცა გაბედავ მოუსმინო საკუთარ თავს, ვერცერთი მოსაზრება ვერ გადაგახვევინებს გზიდან,“ – ამატებს ზინა.

ჩინური ენის შესწავლა ზინასთვის თვითშეგნების, მტკიცე ნებისყოფისა და თავდადების გზად იქცა. იგი აცნობიერებს, რომ ამ ენის სწავლა მოითხოვს უსაზღვრო მოთმინებას, კონცენტრაციას და ღრმა მოტივაციას.

მიუხედავად იმისა, რომ ზინა თავის მომავალს ჯავახეთში არ ხედავს, მშობლიური კუთხის საზოგადოების განვითარება და წინსვლა მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიაჩნია. სამომავლოდ მას სურს თავისი ცოდნითა და გამოცდილებით წვლილი შეიტანოს ადგილობრივ საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ სექტორში, შთააგონებს და მხარს დაუჭიროს ახალ თაობას.