
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში ორენოვანი მასწავლებლების ვაკანსიებია გამოცხადებული. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არის ისეთი სკოლებიც, სადაც ორენოვანი მასწავლებლები უკვე რამდენიმე წელია ასწავლიან, თუმცა უმეტესობა წელს ერთვება ქართული ენის სწავლების ამ ფორმატში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში 183 ვაკანსია გამოცხადდა შემდეგ საგნებში:
ჩვენი საქართველო, მათემატიკა, მე და საზოგადოება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ბუნებისმეტყველება.
ეს საგნები ისწავლება 1-დან მე-6 კლასებში.
ვაკანტური თანამდებობების შესახებ განცხადებებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე – teacherjobs.ge.
აბულის სკოლამაც ორ საგანში გამოაცხადა კონკურსი. დირექტორის თქმით, უკვე არიან კანდიდატები.
„გასაუბრებას წარმატებით გაივლიან მხოლოდ შესაფერისი კანდიდატები. ჩემი აზრით, ორენოვანი განათლება ძალიან დადებითია ბავშვებისთვის, რადგან ისინი მცირე ასაკიდან იწყებენ სახელმწიფო ენის შესწავლას“, – ამბობს სოფელ აბულის სკოლის დირექტორი მარტინ ხოცანიანი.
სოფელ ალასტანის სკოლის დირექტორის თქმით, მასწავლებლებს გადამზადების კურსები გავლილი აქვთ, რათა ორენოვან მასწავლებლებად იმუშაონ. ალასტანის სკოლაში ორენოვანი მასწავლებლების ვაკანსია ჩვენი საქართველო, მათემატიკა, მე და საზოგადოება, სახვითი ხელოვნება და ბუნებისმეტყველება საგნებში გამოცხადდა.
„მსურველები არიან, მაგრამ გასაუბრება ჯერ არ ჩაგვიტარებია. ამ საგნების მასწავლებლებს გადამზადების კურსები გავლილი აქვთ.ვერ გიპასუხებთ კითხვაზე, რატომ არ გვყავდა აქამდე ორენოვანი სპეციალისტები, რადგან მე ვარ ახალი დირექტორი“, – ამბობს სოფელ ალასტანის სკოლის დირექტორი გაგიკ მკრტჩიანი.
სოფელ კარტიკამში უკვე ორი წელია ორენოვანი სწავლება მიმდინარეობს. თუმცა ვაკანსიები ამ სკოლის ადმინისტრაციამაც გამოაცხადა, რადგან სკოლის ორენოვანი მასწავლებლები ამჟამად შვებულებაში იმყოფებიან.
„ვაკანსია გამოვაცხადეთ ხუთ საგანზე. ეს პროგრამა ჩვენს სკოლაში უკვე ორი წელია მიმდინარეობს. ჩვენ გვყავდა 3 სპეციალისტი და სამივე წავიდა დეკრეტულ შვებულებაში, რის შედეგადაც პროგრამა დაუმთავრებელი დარჩა“, – ამბობს კარტიკამის სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიანი.
ეს უკანასკნელი ასევე ამატებს, რომ შერჩეული მონაწილეები გაივლიან სპეციალურ ტრენინგებსა და კურსებს.
შორეულ სოფელ მოდეგამში მდებარე სკოლამ გამოაცხადა ვაკანსია ორენოვანი მასწავლებლის პოზიციაზე სოციალურ მე და საზოგადოება და ბუნებისმეტყველება საგნებში, მაგრამ არცერთ თანამდებობაზე მსურველი არ იყო.
რამდენი წელია, რაც ეს პროგრამა სკოლებში მოქმედებს?
ორენოვანი განათლების პროგრამას სკოლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2020-2021 სასწავლო წლიდან ახორციელებს.
ამჟამად რამდენი სკოლა მონაწილეობს ამ პროგრამაში?
პროგრამაში ამჟამად 169 საჯარო სკოლა მონაწილეობს, თუმცა სამინისტრო აპირებს ამ პროგრამის დანერგვას ყველა არაქართულენოვან სკოლაში. პროგრამა მოიცავს ყველა არაქართულ (სომხური, აზერბაიჯანული) სკოლას/სექტორს.
გაივლიან თუ არა შერჩეული მონაწილეები მოსამზადებელ კურსებს/ტრენინგს?
შერჩეული კანდიდატები გადიან როგორც სასწავლო კურსებს, ასევე ყოველკვირეულ საკონსულტაციო შეხვედრებს.
გევოეგ ჯანოიან