ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ ორი ახალი სამგზავრო ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ბიუჯეტი შეადგენს 424 178 ლარს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ ორი სამგზავრო ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი 17 აპრილს გამოაცხადა. ახალი ავტობუსები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანისთვის იქნება გამოყენებული. კონკრეტული მარშრუტებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას Jnews-ი მოგვიანებით გაავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტობუსები უნდა იყოს ახალი, ავტომატური კარებით, 33 სამგზავრო ადგილით, მონიტორით, კონდიციონერით, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით და სხვა აუცილებელი მახასიათებლებით, მგზავრთა გადაყვანის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ტენდერში მონაწილეობის განაცხადების მიღება დასრულდება 28 აპრილს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 17 მაისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ (Jnews) ახალგაზრდულმა ჯგუფმა შეიტანა პეტიცია. პეტიციაში საუბარი იყო მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელის შექმნის აუცილებლობაზე.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2024 წლის ბიუჯეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეძენისთვის თანხის გათვალისწინების პირობა დადო, თუმცა დაფინანსების ნაკლებობის გამო შესყიდვა გადაიდო. წელს მუნიციპალიტეტმა შეძლო საჭირო თანხის მოძიება და უკვე გამოცხადებულია ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი.

პეტიციის გარშემო გამართული განხილვების თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საცდელი ხაზის ამოქმედებას მუნიციპალიტეტში. თუ ეს ინიციატივა გაამართლებს, მუნიციპალიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გაფართოებას განაგრძობს, ხოლო თუ არ გაამართლებს — ავტობუსები მუნიციპალიტეტის სხვა საჭიროებებისთვის იქნება გამოყენებული.

ახალქალაქის მოსახლეობამ საკრებულოს პეტიციით მიმართა

ხალქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი – როგორ შეასრულებს დაპირებულს ადგილობრივი ხელისუფლება