რუსეთი მზად არის აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა- მარია ზახაროვა.

„ჩვენ მზად ვართ ურთიერთობების აღდგენისთვის და მზად ვართ იმდენად შორს წავიდეთ, რამდენადაც ქართული მზარე იქნება მზად. ჩვენთვის ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“.

ზახაროვა ასევე ირწმუნება, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა რუსეთსა და საქართველოს შორის რუსეთის ბრალი არ ყოფილა და ამაზე იმ დროს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „რეჟიმია” პასუხისმგებელი.მისი თქმით, რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობაში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, აღადგინა ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი.

მანამდე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი გალუზინმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არიან აღადგინონ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან, თუ შესაბამისი სიგნალი თბილისიდან მოვა. თუმცა, დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით „არ ექვემდებარება გადახედვას“.

გალუზინის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, თბილისი მზად იქნება აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მოგვარდება.

„საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენის ერთადერთი დაბრკოლება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა. რუსეთს ძალიან მარტივად შეუძლია ამ ბარიერის აღმოფხვრა. რა თქმა უნდა, როგორც კი ამ ბარიერის აღმოფხვრის ნაბიჯებს დავინახავთ, ამ ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელი გახდება“, – განაცხადა მან.