
20 აპრილს მსოფლიოში ყველა ქრისტიანი აღნიშნავს ბრწყინვალე აღდგომას. 2025 წელი განსაკუთრებულია ქრისტიანებისთვის, რადგან წელს აღდგომის თარიღი ყველა ქრისტიანული კონფესიისთვის ემთხვევა. ბევრი ქრისტიანი წლის ყველაზე ხანგრძლივ მარხვას მარხულობს . Jnews-მა მორწმუნეებისთვის დიდი მარხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა ახალქალაქის სურბ ხაჩ (წმინდა ჯვრის) ეკლესიის მღვდელ მამა ნარეკ ტიგრანიანსა და ახალქალაქის ქართული ეკლესიის მღვდელ მამა ალექსანდრეს.
ასტრონომიული თავისებურებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სარწმუნოებაში აღდგომის აღნიშვნის თარიღები, როგორც წესი არ ემთხვევა. აღდგომა მოძრავი დღესასწაულია და იგი მთვარის ფაზის კალენდარით განისაზღვრება. იმის გამო, რომ სომეხთა სამოციქულო და კათოლიკური ეკლესიები საეკლესიო დღესასწაულების გამოსათვლელად გრიგორიანულ კალენდარს მიჰყვებიან, ხოლო მართლმადიდებლები – იულიუსის კალენდარს, თარიღებს შორის სხვაობა, როგორც წესი, დაახლოებით ერთი ან ორი კვირაა.
აღდგომამდე შვიდი კვირის ხანგრძლივობით, მორწმუნეები მარხულობენ. ეს პერიოდი მნიშვნელოვანია სულიერი განწმენდისთვის, ლოცვისა და მონანიებისთვის. რა არის მარხვა და რატომ არის საჭირო მისი დაცვა?
ახალქალაქის სურბ ხაჩის (წმიდა ჯვრის) ტაძრის მღვდლის, მამა ნარეკ ტიგრანიანის თქმით, ბევრი შეცდომით აღიქვამს მარხვას- როგორც უბრალოდ ჯანმრთელობის დიეტა.
„მარხვის მეშვეობით მაქსიმალურად უახლოვდები ღმერთს. მარხვა გაძლევს შესაძლებლობას იპოვო საკუთარი თავი, ჩაუღრმავდე შენს შიგნით, იფიქრო იმაზე, რაც შენს სულიერ ცხოვრებაში არ გააკეთე ისე, როგორც უნდა გაგეკეთებინა და რაც შეგეშალა ხელი. მარხვის ძალა დიდი მოგზაურობაა. თუ რწმენას სათქმელი არ აქვს, ის კარგავს თავის აზრს. თუ მე ქრისტიანი ვარ, მაგრამ არ ვეხმარები გაჭირვებულებს, არ ვანუგეშებ მას, ვინც გლოვაშია, ვჭორაობ და სხვა ცუდ რამეებს ვაკეთებ, ეს ყველაფერი ასუსტებს ჩვენს რწმენას. მარხვის დროს ადამიანი ძალიან ყურადღებიანია ამ ყველაფრის მიმართ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მარხვის შემდეგ ამის შენარჩუნება. ჩვენი სხეულის დასუსტებით, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს რწმენას. და სწორედ ეს არის ნამდვილი მარხვა“, – განმარტავს მამა ნარეკ ტიგრანიანი.
ახალქალაქის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი მამა ალექსანდრე ამბობს, რომ მარხვა მხოლოდ საკვების შეზღუდვა არ არის.
„მარხვა ცოდვისგან თავის შეკავებაა, უნდა ისწავლო საკუთარი საქციელის მართვა, სულიერად განიწმინდო, ადამიანმა უნდა გაიაროს მარხვის გზა, რათა ჭეშმარიტად იგრძნოს აღდგომის სიხარული. თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა ყველა აღვლენილ მსახურებაში, რათა იცოდეთ, რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი აღდგომის დღესასწაულზე. ამბობენ, როგორც ადამიანი გაატარებს დიდ მარხვას, ისე გაატარებს მთელ წელს. ახლა ქრისტიანებს სამოთხეში შესვლის შესაძლებლობა აქვთ მიცემული, მანამდე სამოთხის კარი დახურული იყო“, – ამბობს მამა ალექსანდრე.
2025 წელი მართლაც უნიკალურია ყველა ქრისტიანისთვის. აღდგომის დღის დამთხვევა გვახსენებს დღესასწაულის ძირითად არსს – ერთიანობას, რწმენასა და სულიერ განწმენდას. როგორც სასულიერო პირები ხაზს უსვამენ, მარხვა და ბრწყინვალე აღდგომა არა მხოლოდ ტრადიციაა, არამედ შინაგანი განახლების გზა და რწმენის განმტკიცების შესაძლებლობა არა მხოლოდ მარხვის დროს, არამედ მთელი წლის განმავლობაში.