წელს ხუთი მთავარი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთი- აღდგომა, 20 აპრილს აღინიშნება. 2025 წელი განსაკუთრებულია ქრისტიანებისთვის, რადგან აღდგომის თარიღი ემთხვევა ყველა ქრისტიანულ კონფესიაში: სომხებს (სომეხთა სამოციქულო ეკლესია), კათოლიკეებს და მართლმადიდებლებს. რა განსხვავებაა კათოლიკურ აღდგომასა და მართლმადიდებლურ აღდგომას შორის, რატომ არ ემთხვევა მათი თარიღები, როგორ აღიქვამენ ამას ახალქალაქის სომხური სამოციქულო და ქართული ეკლესიები – ამის შესახებ და კიდევ ბევრ სხვა ინფორმაციაზე წაიკითხეთ JNEWS-ზე.

ასტრონომიული თავისებურებების გამო სხვადასხვა აღდგომის აღნიშვნის თარიღები, როგორც წესი, არ ემთხვევა ერთმანეთს. აღდგომა მოძრავი დღესასწაულია, მისი თარიღი მთვარის კალენდრის მიხედვით დგინდება.ვინაიდან საეკლესიო დღესასწაულების გამოსათვლელად სომხური სამოციქულო და კათოლიკური ეკლესიები გრიგორიანულ კალენდარს მისდევენ, ხოლო მართლმადიდებლები – იულიუსის კალენდარს, ამიტომ თარიღებს შორის სხვაობა, როგორც წესი, დაახლოებით ერთი ან ორი კვირაა.

სომხური სამოციქულო და კათოლიკური ეკლესიების კალენდრის მიხედვით, წმინდა აღდგომა შეიძლება აღინიშნოს 21 მარტიდან 25 აპრილამდე. მისი ცვალებადობა 35 დღეს შეადგენს. მართლმადიდებლური აღდგომა კი 4 აპრილიდან 8 მაისამდე პერიოდში მოდის. საერთო ფორმულა კი ასეთია: აღდგომა აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ პირველ სავსე მთვარეზე მომდევნო კვირას.

აღდგომას სხვადასხვა დღეს ზეიმობენ იმის მიხედვით, თუ რომელ ეკლესიას მიეკუთვნებით. იშვიათ შემთხვევებში თარიღები ემთხვევა და აღდგომა ერთდროულად აღინიშნება – როგორც ეს წელს მოხდა. ბოლოს ეს 2017 წელს იყო, ასევე 2010, 2011 და 2014 წლებში. მომავალში აღდგომის თარიღები 2028, 2031, 2034 წლებში დაემთხვევა.

ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიის მღვდელი, ტერ ნარეკ ტიგრანიანი ამბობს, რომ აღდგომის თარიღის დამთხვევას სხვადასხვა ეკლესიებს შორის ისინი დადებითად აღიქვამენ.

„ჩვენ ყველა ერთ დღეს ვიზეიმებთ ამ დიდ დღესასწაულს და ერთმანეთს მივულოცავთ. აქ არაფერია პრობლემური, მთავარი არის აღდგომის სულიერი არსის გააზრება,“ – ამბობს მამა ნარეკ ტიგრანიანი.

„ჩვენთან ცხოვრობენ როგორც მართლმადიდებლები, ასევე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მორწმუნეები და კათოლიკეები. ყველა ერთმანეთს მივულოცავთ და ჩვენ ეს გვახარებს”, – თქვა ახალქალაქისს მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის (ახალქალაქის ქართული ეკლესია) მღვდელმა მამა ალექსანდრემ.

მიუხედავად კალენდარული განსხვავებებისა, წეს-ჩვეულებების თავისებურებებისა და კულტურული ნიუანსებისა, მართლმადიდებლური და კათოლიკური აღდგომა ერთსა და იმავეს ამბობს -სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, იმედისა და აღდგომის შესახებ. დიახ, ტრადიციები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ დღესასწაულის ცენტრში რჩება ერთი რწმენა და ერთი ისტორია.