
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს ექვსი პირი. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულები არიან: სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ჰ., დაბადებული 2005 წელს, უკრაინის მოქალაქე ტ.კ., დაბადებული 1986 წელს, წარსულში ნასამართლევი რუსეთის მოქალაქე თ.ა., დაბადებული 1994 წელს, კ.კ., დაბადებული 2004 წელს, ა.თ., დაბადებული 1996 წელს და წარსულში ნასამართლევი გ.ა., დაბადებული 1992 წელს.
„დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ თბილისის ერთ-ერთი ბარის მფლობელმა – ბრალდებულ თ.ა.-ს თანამშრომლებთან ერთად შეიმუშავა თაღლითობის გეგმა, ანაწილებდა როლებს და თაღლითურად ახდევინებდა მათ დაწესებულებაში შესულ მოქალაქეებს სხვადასხვა ოდენობით თანხას. თუ სტუმარი უარს იტყოდა გადახდაზე, თანამშრომლები მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და ამ გზით ცდილობდნენ მოთხოვნილი თანხის მიღებას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.