ახალქალაქის ბაზრობა თითქმის ნახევრად ცარიელია. გამყიდველები არსებულ პირობებს უჩივიან.

ახალქალაქში მოქმედი ბაზრობა, სადაც იყიდება სხვადასხვა სახის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჭურჭელი, ნელ-ნელა ცარიელდება. ის პავილიონები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ სავსე იყო სხვადასხვა საქონლით, დღეს ცარიელია. პავილიონების დაცარიელება განპირობებულია იმით, რომ ადამიანები საყიდლებზე უფრო ხშირად სტუმრობენ მაღაზიებს, ან სარგებლობენ ონლაინ მაღაზიებით.

წლიდან წლამდე უარესდება ბაზრობის მდგომარეობა. თოვლის დნობის შემდეგ, ან წვიმიან დღეებში ბაზრობა ტალახითა და წვიმის წყლით ივსება, რის შედეგადაც ტერიტორიაზე გადაადგილება რთულდება როგორც გამყიდველებისთვის, ასევე მყიდველებისთვის. ბაზრობაზე გასეირნებისა და გამყიდველებთან საუბრის შემდეგ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ის მიზეზები, რის გამოც ადამიანები თავს არიდებენ ახალქალაქის ბაზრობიდან შესყიდვების გაკეთებას.

  • იმის გამო, რომ ტერიტორია ღიაა, ცუდ ამინდში ძალიან ცივა, ტანსაცმლის ჩაცმა-მოზომება აქ თითქმის შეუძლებელია.
  • თოვლის დნობისა და წვიმის შემდეგ წყალი მთელ ტერიტორიაზე მოედინება.
  • ტერიტორია დაბინძურებულია, ბაზრობის უკანა მხარე სავსეა ნაგვით.

მოყვანილიდან ნათელი ხდება, რომ ბუნებრივია, ადამიანები მაღაზიებიდან ყიდვას ამჯობინებენ.

ბაზრობის ერთ-ერთმა გამყიდველმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა მოისურვა, ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს დაამატა ისიც, რომ ადამიანები ახლა თავიანთ შესყიდვებს ონლაინ მაღაზიებიდან აკეთებენ.

„ახლა ყველაფერი ონლაინ არის, მყიდველები ვაჭრობენ Wildberries-ით, Temu-თი და სხვა საიტებით“, – ამბობს ერთ-ერთი გამყიდველი.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზრობაზე მოვაჭრეების რაოდენობა დღითი დღე მცირდება, ზოგიერთი მყიდველი, სირთულეების მიუხედავად აგრძელებს ვაჭრობას ბაზრობიდან.

 

ფენია თოროსიან