
ახალქალაქის ცენტრალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის იანვრიდან ცხოველების მხრიდან 21 თავდასხმა დაფიქსირდა, მათ შორის 20 ძაღლის ნაკბენის შემთხვევაა. თუმცა, უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარების პროცესი კვლავ ზედაპირული და უკონტროლო რჩება და რაიმე ხელშესახებ შედეგს არ იძლევა.
2023 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ცხოველების მიერ ადამიანებზე თავდასხმის 148 შემთხვევა დაფიქსირდა. 2024 წელს – 127 თავდასხმა, საიდანაც თითოჯერ ვირთხამ და კატამ იკბინეს, ხოლო დანარჩენი 125 თავდასხმა და ნაკბენი უპატრონო ძაღლების მხრიდან დაფიქსირდა. 2025 წლის იანვრიდან დღემდე მუნიციპალიტეტში უპატრონო ძაღლების მიერ ადამიანებზე თავდასხმის 20 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ მაჩვენებლების მიუხედავად, ამ საკითხში არანაირი ცვლილება არ ხდება.
მთელ რეგიონში ჯერ კიდევ არ გამოჩენილა თავშესაფრები, რომელთა აშენებასაც სამცხე-ჯავახეთის მერია დაჰპირდა, ხოლო ამ პრობლემის გადაწყვეტა
არც სახელმწიფო დონეზე გადაიხედა.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მერიამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან უპატრონო ძაღლების დაჭერის, სტერილიზაციის, კასტრირების, ვაქცინაციის, იდენტიფიკაციისა და მათ საცხოვრებელ გარემოში დაბრუნების მომსახურებისთვის 26 000 ლარი გამოყო; ამ მიზნით შარშან და წინა წელს ბიუჯეტიდან იგივე თანხა გამოიყო. თუმცა, 2025 წელს ძაღლების დაჭერაზე ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, 2024 წლიდან კი ძაღლების დაჭერა ჯერ არ დასრულებულა.
2024 წელს უპატრონო ძაღლების დაჭერის, სტერილიზაცია-კასტრაციის, ვაქცინაციის, იდენტიფიკაციისა და დაბრუნების, ან საჭიროების შემთხვევაში, ევთანაზიის ტენდერი ჯერ კიდევ მაისში გამოცხადდა, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო საკითხი გაჭიანურდა და კონტრაქტი შემსრულებელ კომპანიასთან მხოლოდ სექტემბერში გაფორმდა. ტენდერის მიხედვით, იმავე წლის დეკემბრამდე 142 ძაღლი უნდა დაეჭირათ, თუმცა, ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, დღემდე მუნიციპალიტეტში მხოლოდ 62 უპატრონო ძაღლია დაჭერილი. მერიამ ამ მომსახურებისთვის უკვე გადაიხადა 11 895 ლარი – სამუშაოების სრული ღირებულების (25 986 ლარი) 46%. სამუშაოების შესრულების ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
„ვურეკავ, ყოველ ჯერზე მპირდებიან, რომ მოვლენ. თითქმის 80 ძაღლია დარჩენილი წასაყვანი, ამისთვის ფული არის. ახალი ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებიათ, ეს ჯერ კიდევ გასული წლიდან არის დარჩენილი. კომპანიაში ვრეკავ, მაგრამ არ ვიცი, რა ხდება. ამბობენ, რომ მოვლენ. ჯერ კიდევ ველოდები“, – ამბობს ახალქალაქის მერიის გარემოსდაცვითი სამსახურის ბუნების დაცვის განყოფილების უფროსი რამაზ ხუციშვილი.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ძაღლების დაჭერის ტენდერი თავდაპირველი თანხით 25 986 ლარი, კომპანია „დოგი დოკ“ – მა 20 789 ლარად მოიგო. ტენდერის მიხედვით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე 142 უპატრონო ძაღლი უნდა დაეჭირათ. პროცედურების გავლის შემდეგ ძაღლები უნდა იდენტიფიცირებულიყვნენ და უკან, ახალქალაქში დაბრუნებულიყვნენ, ან საჭიროების შემთხვევაში, ევთანაზიას დაქვემდებარებოდნენ. თუმცა, საბოლოოდ, კომპანია „დოგი დოკთან“ ხელშეკრულება არ გაფორმდა. საქმე ისაა, რომ კომპანია ამ პრობლემის გადაჭრის ტენდერის პირობებისგან განსხვავებულ მეთოდებს სთავაზობდა და არსებულ სატენდერო მოთხოვნებში ცვლილებების შეტანას ითხოვდა.
ამაზე უფრო დეტალურად აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ.
საბოლოოდ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ გადაწყვიტა ტენდერის პირობები არ შეეცვალა და კომპანია „დოგი დოკი“ ავტომატურად მოხსნილ იქნა. ხელშეკრულება 2024 წლის 14 აგვისტოს ოზურგეთელ ინდივიდუალურ მეწარმე გელა ნაცვლიშვილთან გაფორმდა 25 986 ლარის ოდენობით. უპატრონო ძაღლების დაჭერის, სტერილიზაცია-კასტრაციის, ვაქცინაციის, იდენტიფიკაციისა და დაბრუნების, ან საჭიროების შემთხვევაში, ევთანაზიის პროცესი 15 სექტემბერს დაიწყო.
დღემდე არცერთი უსახლკარო ძაღლი დაჭერილი არ არის
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს ახალქალაქის ბიუჯეტმა უკვე გამოყო მორიგი 26 000 ლარი, ამ სამუშაოების შესრულებაზე 2025 წლის ტენდერი არ არის გამოცხადებული, რადგან ჯერ კიდევ არ არის რეალიზებული გასული წლის ტენდერი და უცნობია, როდის დაასრულებს კომპანია 2024 წლის ძაღლების დაჭერას.
აღვნიშნავთ, რომ უპატრონო ძაღლების დაჭერის გაჭიანურება კიდევ უფრო მეტ გამრავლებასა და ძაღლების რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს.