„მიმდინარე წლის მარტის მდგომარეობით, თითქმის 1,9 მილიონ ჩვენს თანამოქალაქეს აქვს მინიმუმ 1 სესხი“, – წერს ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ CreditInfo Georgia-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

წარმოდგენილი მონაცემებით, დაახლოებით 370 ათასი ადამიანი ვერ ახერხებს სესხის დაფარვას, ყოველი მეხუთე მსესხებელი კი 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილებულია. ანუ მოსახლეობის 10%-ს აქვს მინიმუმ 1 პრობლემური სესხი, ზოგს რამდენიმე.

ამ სესხების მნიშვნელოვანი ნაწილი კონცენტრირებულია არასაბანკო ორგანიზაციებში, ძირითადად, სესხის გამცემ კომპანიებში. ფიზიკურ პირთა მთლიანი პრობლემური დავალიანება 2,7 მილიარდ ლარზე მეტია.

ტენდენციას თუ დავაკვირდებით, პრობლემური სესხებითა და გადაჭარბებული ვალების მქონე მოქალაქეების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. კომპანიისა და ბანკების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 20% ე.წ „შავ სიაშია“.