
2025 წლის 13 დეკემბერს თბილისში საბავშვო „ევროვიზია 2025“-ი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 12 ქვეყანა მიიღებს.
ღონისძიებისთვის საჭირო მომსახურების შეძენის მიზნით კულტურის სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. ჯამში „ევროვიზია 2025“ წლის ორგანიზებისთვის კულტურის სამინისტრო ბიუჯეტიდან 172 350 ევროს დახარჯავს.
გამარტივებულ შესყიდვას სამინისტრო ხსნის იმით, რომ მზადება 6 თვით ადრე უნდა დაიწყოს, რის გამოც, „აუცილებელია ევროვიზიის საორგანიზაციო ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა და მათ მიერ ღონისძიების შემოქმედებითი/სადადგმო მომსახურების გაწევა“.
შეგახსენებთ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ორგანიზებით საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2003 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იმართება. აღნიშნულ კონკურსში 2 ათწლეულის განმავლობაში საქართველომ 4-ჯერ მოიპოვა გამარჯვება და 6-ჯერ მოხვდა საუკეთესო ხუთეულში.
2024 წელს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ საბავშვო „ევროვიზია 2024“-ის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი გახდა. კონკურსანტმა საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს მეოთხე გამარჯვება მოუტანა და 239 ქულა დაიმსახურა. აღნიშნული გამარჯვებით საქართველომ საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.