
ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (UEFA) საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთა ლიგის სომხეთთან მატჩზე გულშემატკივრების საქციელის გამო დასაჯა. ამის შესახებ ფედერაცია წერს.
გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრები ერთ საშინაო მატჩს გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს, ფედერაციას კი 40 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
დასჯის მიზეზი გახდა მატჩის ბოლოს გულშემატკივრების შეჭრა მოედანზე, ლაზერებისა და პიროტექნიკის გამოყენება,ასევე გასასვლელების გადაკეტვა .
აღნიშნული სასჯელი ეხება იმ გათამაშებებს, რომელზეც უეფას სადისციპლინო კომპეტენცია ვრცელდება. შესაბამისად, სასჯელი არ ვრცელდება ამხანაგურ მატჩებსა და 2025 წლის შემოდგომაზე გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს.უეფას გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ორწლიან გამოსაცდელ ვადას.
მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის 23 მარტს თბილისში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა — 6:1. ფინალური სასტვენის შემდეგ ქართველი მოზარდების ჯგუფმა სომხეთის გულშემატკივართა სექტორისკენ ბოთლების სროლა დაიწყო, რაც დაპირისპირება გამოიწვია. სტადიონის დანარჩენი ნაწილი ამას მკვეთრად უარყოფითად გამოეხმაურა და სკანდირებდა- „სირცხვილია!“.
Newsgeorgia