ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკთან ახალი სპორტული დარბაზი აშენდება. კონკურსი უკვე გამოცხადდა. მშენებლობას ორი წელი დასჭირდება. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა შეადგენს 1 324 005 ლარს.

კიდევ ერთი სპორტული დარბაზი ახალქალაქის ცენტრში, „ხას ბახჩას“ ცენტრალური პარკის მოპირდაპირედ გაჩნდება. ახალი შენობა ორსართულიანი იქნება. ამჟამად ამ ადგილას არის ძველი, დანგრეული შენობა, რომელიც დემონტაჟდება და მის ადგილას ახალი შენობა აშენდება. ასევე დაინგრევა საზოგადოებრივი საპირფარეშო და სათამაშო მოედნის ნაწილი, სადაც სკამებია დამონტაჟებული.

„იქნება ორსართულიანი შენობა, პირველი სართული განეკუთვნება ძალოსნობის ვარჯიშებისთვის, ხოლო მეორე სართული ჯერ გადაწყვეტილი არ არის, შესაძლოა, ის გამოყენებულ იქნას სხვა სპორტის სახეობებისთვის ან კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად. დავანგრევთ სტადიონის ტრიბუნებს, დავტოვებთ მხოლოდ სათამაშო მოედანს, დავანგრევთ ასევე საზოგადოებრივ საპირფარეშოს. თუმცა საპირფარეშო აშენდება ახალ შენობაში, გარედან ცალკე შესასვლელით“, – განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა შეადგენს 1 324 005 ლარს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები დასრულდება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 270 კალენდარული დღის განმავლობაში. 2025 წელს 120 დღის განმავლობაში დაიხარჯება 613 002 ლარი, 2026 წელს 150 დღის განმავლობაში (15 აპრილიდან) დაიხარჯება 711 003 ლარი. მშენებლობის საგარანტიო ვადა ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან 3 წელია.

მშენებელმა თავად უნდა მოახდინოს ძველი შენობის დემონტაჟი, ხოლო შემდეგ ახალი ააშენოს. დემონტაჟის დროს წარმოქმნილი ყველა სამშენებლო მასალა, ტენდერის პირობების თანახმად, გადაეცემა შემსყიდველს, ანუ ახალქალაქის მერიას.

სამუშაოებისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 აპრილი.