
სურსათის ეროვნული სააგენტო რძეში აღმოჩენილ აფლატოქსინ M1-თან დაკავშირებით დამატებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც სეს-ი საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის “სოფლის ნობათი” ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა.
მათივე თქმით, პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას.
„კომპანია „ვიმ- ბილ-დან საქართველო“ აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე, მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული „სოფლის ნობათის“ პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი,ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს“- ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს გეგმურად წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მაინც ამოწმებს.
„შარშან სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო, მათ შორის „ვიმ- ბილ-დან საქართველო“ 15- ჯერ შემოწმდა (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება ნიმუშების კვლევა სხვადასხვა მაჩვენებლზე, მათ შორის აფლატოქსინზე) და არცერთი დარღვევა არ გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს და ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებიც პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.
სურსათის ეროვნული სააგენტო, აფლატოქსინის შემცველობაზე რძეს ევროკავშირის რეგულაციის შესაბამისად 2022 წლიდან იკვლევს“, – ვკითხულიბთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, „სოფლის ნობათის“ შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა. კერძოდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კომპანიის მიერ წარმოებული ზოგიერთი პროდუქტის რძის ნიმუშებში აფლატოქსინ M1-ზე გამოვლინდა, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.