საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში სექსუალური ძალადობის ფაქტზე საქმე აღძრა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 13 წლის გოგონა ორსულად არის.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია მეზობელი, 50 წლის მამაკაცი.

სკოლის მოსწავლე 3,5 თვის ორსულია. ეს კლინიკაში გამოკვლევის დროს გახდა ცნობილი, სადაც დედამ ტკივილების გამო წაიყვანა ქალიშვილი.

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, მშობლებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ, სავარაუდოდ ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,ასევე უნდოდათ აბორტის გაკეთება. თუმცა, არასრულწლოვნის ორსულობის ფაქტი ექიმებმა შეატყობინეს პოლიციას.

ეჭვმიტანილმა, მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ პოლიციამ გამოძიება დაიწყო, სცადა აფხაზეთის ტერიტორიაზე გაქცევა, თუმცა გზაში დაიჭირეს.