დღეს 5 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული ახალი 10 პროცენტიანი ტარიფი ამოქმედდა. თიბისი კაპიტალის მიმოხილვის მიხედვით, მოკლევადიან პერიოდში ახალი სატარიფო პოლიტიკა უარყოფითად აისახება საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე და ქვეყანაში გამავალ სატრანზიტო ტვირთებზე.
როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული, ტარიფები ასევე აისახება ამერიკიდან იმპორტირებული ავტომობილების ღირებულებაზე.

„აშშ არის საქართველოში მეორადი მანქანების იმპორტის მთავარი წყარო. ტარიფები შეზღუდავს აშშ-ს ავტომობილების მიწოდებას, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ახალი ამერიკული წარმოების მანქანების ფასები გაიზრდება მოკლევადიან პერიოდში. ფასების ზრდა გადაეცემა მეორად მანქანებსაც. ეს გამოიწვევს ამერიკიდან საქართველოში იმპორტირებულ მანქანებზე ფასების ზრდას“, – ნათქვამია TBC Capital-ის მიმოხილვაში.

თუმცა TBC Capital-ი რაც შეეხება გრძელვადიან და არაპირდაპირ ეფექტებს ეკონომიკურ ზრდაზე, სხვადასხვა ქვეყანასთან ვაჭრობაზე, ინფლაციაზე, გაცვლით კურსზე გავლენის, შესაფასებლად საჭიროა ტარიფების აღსრულებაზე მეტი ინფორმაცია და პარტნიორი ქვეყნების საპასუხო ნაბიჯების დალოდება.

ერთი რამ ცხადია: ტარიფების შედეგად ბევრ ქვეყანას ურთულდება წვდომა აშშ-ის ბაზარზე. რაც არაერთ ეკონომიკას აყენებს გამოწვევის წინაშე. შესაძლოა, აშშ-ში ექსპორტიორმა ქვეყნებმა სხვა ბაზრებით, მათ შორის საქართველოთი, სცადონ ამერიკის ნაწილობრივად ჩანაცვლება. სავარაუდოდ, უმეტესად ეს ტენდენცია ამერიკის მთავარ საიმპორტო პროდუქტებს, ავტომობილებს, მანქანა-დანადგარებს და ელექტრონულ ტექნიკას”, – აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, საქართველოში სამგზავრო მანქანების მთავარი იმპორტიორი ამერიკის შეერთებული შტატებია. 2024 წელს ამერიკიდან საქართველოში 153 228 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, რომლის ღირებულება 1,9 მილიარდი დოლარია. 2023 წელს ჩვენ შემოვიღეთ დაახლოებით იგივე ღირებულების 155 624 მანქანა. ავტომობილების იმპორტით მეორე ადგილზეა გერმანია, მესამეზე კი იაპონია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში შემოტანილი მანქანების მნიშვნელოვანი ნაწილი რეექსპორტირებულია. ამ მხრივ ყირგიზეთმა ბოლო დროს წამყვანი პოზიცია დაიკავა.