„სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში აფლატოქსინი აღმოჩნდა, – ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„28 მარტს სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში“ (ბიზნესის რეგისტრაციის ნომერი- 204546553, სოფლის ფილიალი)“.

შემოწმების შედეგად საწარმოში მნიშვნელოვანი შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა დაფიქსირდა საკვებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების წესების დარღვევა, რისთვისაც მეწარმე დაჯარიმდა სურსათის/ცხოველთა საკვების შესაბამისობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.

გარდა ამისა, შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის ხუთი ნიმუშის აღება (რომელთაგან ერთი განკუთვნილია ბავშვთა კვებისთვის) და მისი ტესტირება აფლატოქსინ M1-ზე. ასევე, ბაზრიდან ამოღეს არასწორად მარკირებული საკვები პროდუქტები.

სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა.

ლაბორატორიულმა ტესტებმა ხუთ ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის ჭარბი დონე გამოავლინა. კერძოდ:

▪️ სასმელი რძე ბავშვებისთვის: ულტრაპასტერიზებული – 2.5% ცხიმიანობით – წარმოების თარიღი: 02.04.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.03.2025;
▪️სასმელი რძე, შერჩეული ულტრაპასტერიზებული, 1.5% ცხიმიანობით – წარმოების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025.
⁠▪️ სასმელი რძე: შერჩეული ულტრაპასტერიზებული, 1.5% ცხიმიანობით – წარმოების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025.
▪️ სასმელი რძე: შერჩეული ულტრაპასტერიზებული, 2.5% ცხიმიანობით – წარმოების თარიღი: 02.09.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025.
▪️ სასმელი რძე, შერჩეული ულტრაპასტერიზებული, 3.2% ცხიმიანობით – წარმოების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.

შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა რეალიზაციის ქსელიდან აღნიშნული საკვები პროდუქტების პარტიების ამოღება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, არ მოიხმარონ აღნიშნული რძე.

როგორც სააგენტო განმარტავს, აფლატოქსინს ობის სოკოები ქმნიან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ცხოველის ორგანიზმში ხვდება, საიდანაც რძეში გადადის და აფლატოქსინ M1-ად გარდაიქმნება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.