„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტის მიხედვით, მათთვის სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნების წარმოება და რეალიზაცია იქნება ლიცენზირებული.

კანონპროექტის მიხედვით, სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვის და/ან ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან გატანის ნებართვის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვებისა) მინიმალური ასაკი 18 წელი იქნება.

პროექტის მიხედვით, მათთვის სასიგნალო იარაღით/ვაზნების ვაჭრობის, ამ იარაღის/ვაზნების დამზადების (წარმოების), ასევე სასიგნალო იარაღის შეკეთების სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა 100 ლარი იქნება.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით:

  • ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის (შენახვისა და ტარების უფლებით) შეძენის ნებართვის საფასური იქნება 6 ლარი,
  • უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოში ექსპორტის ნებართვისთვის – 8 ლარი.
  • იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნების გადაადგილების, ტრანსპორტირებისა და გადაზიდვის ნებართვის საფასური ფიზიკური პირისთვის განისაზღვრება 6 ლარით, ხოლო იურიდიული პირისთვის – 12 ლარით.
  • სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნების საქართველოდან და საქართველოში შემოტანისა და ექსპორტის ნებართვის საფასური როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ იქნება 8 ლარი.

კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს სასიგნალო იარაღის ნებართვების დაჩქარებული გაცემის ან/და რეგისტრაციის მომსახურების გაწევის ფარგლებს და პირობებს:

  • სასიგნალო იარაღისა და ვაზნების გადაზიდვის, ტრანსპორტირების ან გადაგზავნის ნებართვის დაჩქარებული მომსახურების ღირებულება (რომელიც განხორციელდება განცხადების შეტანის დღიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში) იქნება 70 ლარი თითოეული სიგნალური იარაღისთვის და 0.04 ლარი თითოეული ვაზნისთვის.
  • დაჩქარებული მომსახურების საფასური სასიგნალო იარაღის და/ან ვაზნების საქართველოში შემოტანის ან გატანის ნებართვის მიღებისთვის (ტრანზიტისა და რეექსპორტის გარდა) საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც განხორციელდება განცხადების შეტანის დღიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში, შეადგენს 40 ლარს თითოეული იარაღის ერთეულისთვის და 0.1 ლარს თითოეული ვაზნისთვის.
  • დაჩქარებული მომსახურების საფასური სასიგნალო იარაღის და/ან ვაზნების საქართველოში შემოტანისა და გატანის ნებართვის მიღებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელიც განხორციელდება განცხადების შეტანის დღიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში, შეადგენს 40 ლარს თითოეული იარაღის ერთეულისთვის და 0.1 ლარს თითოეული ვაზნისთვის.
  • დაჩქარებული მომსახურების საფასური საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი სასიგნალო იარაღის ექსპორტის ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელიც განხორციელდება განცხადების შეტანის დღიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში, შეადგენს 40 ლარს თითოეული იარაღის ერთეულისთვის.