
საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს VISA და MASTERCARD სისტემების საქმიანობასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაცია ამ გადახდის სისტემების საქმიანობის შეზღუდვის შესახებ დეზინფორმაციაა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ თითქოს საქართველო გეგმავს გადახდის სისტემების VISA-სა და MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვას.პირველ რიგში განვმარტავთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და რეალური ფაქტების დამახინჯება, რაც რეალობას არ შეესაბამება. საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქციაა გადახდის სისტემის უსაფრთხო, სტაბილური და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა.
ამ ფუნქციის შესრულებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ქვეყნის გადახდის სისტემის განვითარებაზე, ხელმისაწვდომობის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, ასევე კონკურენტული გარემოს შექმნაზე. კერძოდ, ეროვნული ბანკი თავად ავითარებს გადახდის ინფრასტრუქტურას, ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებების წინადადებებს და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, მათ შორის საერთაშორისო ბარათის სისტემებთან – Visa და Mastercard.
ეს კომპანიები საქართველოში უკვე 25 წელზე მეტია იმყოფებიან და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გადახდების სექტორის განვითარებაში, რომელიც გახდა უნაღდო ანგარიშსწორების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი. Visa-სა და Mastercard-თან თანამშრომლობის ფარგლებში რეგულარულად ინერგება ახალი პროდუქტები, მათ შორის ტრანსსასაზღვრო გადარიცხვის ინსტრუმენტები.
ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებამ საშუალება მისცა მსოფლიოს წამყვან ტრადიციულ გადახდის სისტემებს გაზარდონ თავიანთი ეფექტურობა.კერძოდ, შეიქმნა ახალი თაობის სისტემა – მყისიერი გადახდის სისტემა, რომელიც უკვე დანერგილია 120-ზე მეტ ქვეყანაში. ეს სისტემები ფუნქციონირებს საბანკო ბარათების გამოყენების გარეშე და სთავაზობენ საბოლოო მომხმარებელს ბარათით გადახდების ექვივალენტურ გადახდის მეთოდს, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო დიდი უპირატესობებით, როგორიცაა ტრანზაქციის დაბალი ხარჯები და გადარიცხვის მიმღებისთვის სახსრების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობა.
რამდენიმე წლის წინ ეროვნულმა ბანკმა მსოფლიო ბანკთან ერთად დაიწყო მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტზე მუშაობა.ეს სისტემა ჩვენი მოსახლეობისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის მეორე ნახევრიდან. გარდა ამისა, ეს სისტემა განავითარებს ე.წ. „ღია ბანკინგის“ სერვისებს, რომლებსაც საქართველოში სთავაზობენ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ფინტექ კომპანიები, გადახდის სერვისის პროვაიდერის სტატუსით.აღსანიშნავია, რომ არასაბანკო გადახდის სერვისის პროვაიდერების ინსტიტუტის ჩამოყალიბება და „ღია ბანკინგის“ სერვისების ხელშეწყობა არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც სრულად განხორციელდა 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით.
მყისიერი გადახდებისა და ღია საბანკო სერვისების ერთობლიობა მომხმარებლებს და კერძო პირებს საშუალებას მისცემს მიიღონ ხელმისაწვდომი სერვისები, რომლებიც აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ბარათით გადახდების საკმაოდ მაღალი დონის მიუხედავად, გადახდის ეს მეთოდი ჯერ კიდევ არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი მცირე მეწარმეებისთვის მომსახურების მაღალი საკომისიოების გამო. მყისიერი გადახდის სისტემა, ფინტექ კომპანიებთან თანამშრომლობით, გაზრდის ელექტრონული გადახდების ხელმისაწვდომობას სექტორში, რომელსაც ამჟამად აკლია ასეთი სერვისი.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ახალი გადახდის სისტემა იმუშავებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით და თავსებადი იქნება ერთიანი ევრო გადახდების სივრცის (SEPA) სქემებთან, რაც საშუალებას მოგვცემს, SEPA-ს გეოგრაფიულ არეალში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ, შევასრულოთ ჩვენი ქვეყნის გადახდის სისტემაის ინტეგრირება ევროპულ გადახდის სისტემაში.
განვმარტავთ, რომ ზემოაღნიშნული არაბარათიანი და ტრადიციული ბარათით (VISA, MasterCard, American Express) გადახდის სქემები საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, პარალელურად მუშაობდა და განაგრძობს მუშაობას, რაც შექმნის უფრო კონკურენტულ გარემოს გადახდის სექტორში და უზრუნველყოფს მომხმარებლის მომსახურების ფართო სპექტრს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განმარტებაში.