26 მარტს საქართველოში, ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი პირველად ოფიციალური ვიზიტით ახალქალაქში იმყოფებოდა. ის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ორგანიზებით, ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფისში გაიმართა. ელჩთან შეხვედრისას რეგიონის პრობლემებზე ისაუბრეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან.

განხილული თემები იყო ტურიზმის განვითარება, სეზონური სამუშაოები, სოფლის მეურნეობა, მუნიციპალური განვითარება, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა ახალ რეალობაში, დასაქმება, განათლება და ა.შ.

შეხვედრის შემდეგ ელჩმა გარეტ უორდმა უპასუხა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მედიის კითხვებს ახალი კანონმდებლობით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

„მადლობა ახალციხესა და ახალქალაქში დახვედრისთვის. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო შესაძლებლობაა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საჯარო სექტორს, არაკომერციულ ორგანიზაციებს და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა არა მხოლოდ დედაქალაქ- თბილისში.მე ვიცი, რომ აქ არის აქტიურობა, ეს არის აქტიური ახალგაზრდობა, დასაქმების პროგრამები, ეს არის ინფორმაცია მედიისა და მოსახლეობის შესახებ და ყველა ეს სფერო, ვფიქრობთ, ნებისმიერი დემოკრატიის სასარგებლო ნაწილია, დიდ ბრიტანეთში თუ საქართველოში. ძალიან მომწონს იდეა, რომ „მრავალეროვანი საქართველოს“ არხი ვითარდება. სხვათა შორის, დიდი ბრიტანეთიც მრავალეროვნული ქვეყანაა, 4 განსხვავებული ერი, ლინგვისტური ვითარება.მაგალითად, უელსში, სკოლაში ორენოვანად სწავლობენ, ერთდროულად ორი ენა. გამიგია, რომ ეს მიდგომა აქაც მუშავდება და ვფიქრობ, ძალიან სასარგებლოა. რა თქმა უნდა, არის დაბრკოლებები, არ ვფიქრობთ, რომ ახალი კანონმდებლობა საჭიროა სექტორის გასაკონტროლებლად ან შეზღუდვისთვის, სექტორი თავისუფლად უნდა მუშაობდეს. მე ხშირად ვესაუბრები მთავრობას, ცენტრალურ და რეგიონულ ხელისუფლებას, მუნიციპალიტეტებს და ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა. არის ინფორმაცია ევროპიდან, არის წინადადებები, როგორ შეიძლება კანონის ორგანიზება, რომ იყოს გამჭვირვალობა, ეს სექტორი არ არის აგენტი, არ არის ის სექტორი, რომელიც მუშაობს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.ეს არის დემოკრატიული ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი“, – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში გარეტ უორდმა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ელჩი ახალციხეშიც იმყოფებოდა და შემდეგ ჯერზე ნინოწმინდაში ვიზიტი შეჰპირდა.