
ახალი კვლევა, „მედია გარემო 2024: ბრძოლა ნდობისა და თავისუფლებისთვის საქართველოში“, რომელიც მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის პროექტის „მედიახმის“ ფარგლებში დამოუკიდებელმა მკვლევარებმა განახორციელეს, 26 მარტს გამოქვეყნდა. კვლევა 2024 წელს საქართველოში არსებულ მედია გარემოს აფასებს „სუპერ არჩევნების წლის“ კონტექსტში და სხვა საკითხებთან ერთად, მედიის მუშაობაზე უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გავლენას აანალიზებს.
კვლევის თანახმად, 2024 წელს ქართული მედიის მთავარი პოლიტიკური თემების დღის წესრიგი შედგებოდა შემდეგი თემებისგან: რუსული სტილის კანონების ინსტრუმენტალიზაცია, მიზნობრივი სანქციების მოთხოვნა/გამოცხადება, საპროტესტო დემონსტრაციები, არჩევნები და ევროინტეგრაციის პროცესი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედიამ ვერ დასვა საჭირო კითხვები და არ/ვერ იკვლია კრიტიკული თემები. „კანონის რეინიციირება და მიღება მმართველი გუნდის მიერ გამოყენებული იყო იმისთვის, რომ მედიის რესურსი არ/ვერ ყოფილიყო მიმართული არჩევნების ხარისხიანად და სრულყოფილად გაშუქებისთვის და მედიის საარჩევნო დღის წესრიგიდან ხელოვნურად განდევნილიყო საარჩევნო თემატიკა“, – ნათქვამია კვლევაში.
„რუსული კანონის“ ერთ-ერთი „გვერდითი მოვლენა“ სწორედ ის იყო, რომ მედია თავდაცვით და გადარჩენის რეჟიმში გადავიდა, რომელიც „ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი რესურსებისგან მის გამოფიტვას მოიცავდა“.
კვლევის თანახმად, „აგენტების“ კანონის მიღების შემდეგ გაიზარდა თვითცენზურა და შიშის ატმოსფერო და ამის გამო, გართულდა წყაროებთან ხელმისაწვდომობა, უფრო ხშირად წყაროები ანონიმურად დარჩენას ამჯობინებდნენ, რაც კონტენტისადმი ნდობას ამცირებდა. საჯარო ინფორმაციაზე წვდომა კიდევ უფრო გართულდა და ამ პრობლემაზე პირველად ალაპარაკდნენ სამთავრობო მედიის წარმომადგენლებიც. „2024 წელს „რუსული/აგენტების კანონის“ რეინიციირების შემდეგ ხელისუფლების მხარდამჭერმა ძალადობრივმა ჯგუფებმა გააძლიერეს ჟურნალისტების დაშინებისა და სტიგმატიზაციის პრაქტიკა, რაც მიზნად ისახავდა მედიაში კრიტიკული ხმების ჩახშობას“, – ნათქვამია კვლევაში.
წინასაარჩევნოდ შეიცვალა კრიტიკული მედიის მუშაობის რეჟიმი და ჟურნალისტების ყოველდღიური რუტინა, რადგან ის უფრო ნაკლებად ორიენტირებული იყო მრავალფეროვანი ჟურნალისტური მასალების მომზადებაზე, ნათქვამია კვლევაში. ასევე გაიზარდა მმართველი გუნდისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან აგრესია ჟურნალისტების მიმართ და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო რეგიონებში. კვლევა საარჩევნო გარემოს რეგიონული მედიისთვის აფასებს როგორც „ტოქსიკურს“.
კვლევის თანახმად, აგრესია ასევე გაიზარდა ციფრულ მედიაგარემოშიც. ჟურნალისტების აზრით, სოციალურ მედიაში მათ ბულინგს ასევე აქვს ორგანიზებული ხასიათი. კერძოდ, გააქტიურდნენ სოციალურ ქსელში ტროლები და ბოტები, რომლებიც აწარმოებდნენ აგრესიულ კამპანიას მედიის წინააღმდეგ. მათ შორის იყვნენ ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის ტროლები.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მედიის მიერ დონორების დაკარგვამ უბიძგა ადგილობრივ მედია საშუალებებს, რომ თავდაცვით და გადარჩენის რეჟიმში გადასულიყვნენ. კვლევის თანახმად, 2024 წელს ჟურნალისტების ფიზიკური, ციფრული და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება ყველაზე აქტუალური გამოწვევა იყო. კვლევაში აღნიშნულია, რომ კანონის მიღების შემდეგ, არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც გახდნენ ძალადობის სამიზნეები.
დოკუმენტი პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პარტიას ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისებაზე და აცხადებს, რომ „მედიაში დასაქმებულების სასტიკი მეთოდებით ცემა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და დანაშაულის ნორმალიზების დამკვიდრებას ახდენდა“. „ჟურნალისტებზე ძალადობის ნორმალიზებას ხელი შეუწყო მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობამ და ფაქტმა, რომ დანაშაულებზე საქმე აღიძვრება ხულიგნობის და არა – ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობის მუხლით“, – ნათქვამია კვლევაში.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ „ასეთი რეპრესიული მედიაგარემო არცერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა“.
მასალა გადაბეჭდილია civil.ge-დან