დღეს 27 მარტს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ერთჯერადი დახმარების თანხა, რომელიც- 5500 ლარს შეადგენს.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 28 თებერვლის №382 დადგენილების „მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გამოყოფის შესახებ“ შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას დაემატება ხარჯი „იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ერთჯერადი დახმარების“ სახით. დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის გათვალისწინებულია 5500 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ამ წლამდე იძულებით გადაადგილებული პირები ერთჯერად დახმარებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებდნენ კატეგორიით „ერთჯერადი ფინანსური დახმარება შშმ პირებისთვის, რეპრესირებულებისთვის, ობოლი ბავშვებისთვის, ლტოლვილებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის (ოთხი და მეტი შვილი) და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის“ (200-დან 1500 ლარამდე). მაგალითად, 2023 წელს ამ მიზნებისთვის გამოყოფილი იყო 566 000 ლარი, ხოლო 2024 წელს — 600 000 ლარი.

ამ წელს, ახალქალაქის მერიის ფინანსური სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილებისთვის განკუთვნილი თანხა სახელმწიფოს მიერ გამოიყო და ერთჯერადად დეკემბერში გაიცემა. ახალქალაქის მერიის სოციალური სამსახურის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 35 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. დახმარების თანხა თითოეულ პირზე დაახლოებით 157 ლარს შეადგენს (თუ მთლიანად გამოყოფილი თანხა თანაბრად განაწილდება იძულებით გადაადგილებულ პირებზე).