მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ იღებს ამერიკული FARA-ს ანალოგს, მისი წარმომადგენლები თავს არიდებენ პირდაპირ პასუხს კითხვაზე- გავრცელდება თუ არა მათი კანონი ისეთ დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI), რომელიც ფინანსდება საზღვარგარეთიდან, მაგრამ ამასთანავე არ ექვემდებარება ამერიკულ FARA-ს.

აშშ-ში FARA-ს კანონი რეგისტრაციას მხოლოდ იმ ორგანიზაციებისგან მოითხოვს, რომლებიც მოქმედებენ უცხო ქვეყნების მთავრობების მითითებით ან აძლიერებენ მათ ინტერესებს. ამის მაგალითია რუსული მედია „სპუტნიკი“ და „Russia Today“. ამასთან, ბრიტანული „Guardian“ და სხვა უცხოური მედია, რომლებსაც დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა აქვთ, რეგისტრაციას არ ექვემდებარებიან.

საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის მთავრობამ უბრალოდ გადააფორმა შარშან ჩავარდნილი „რუსული კანონი“ — და ახლა „ამერიკული FARA-ს“ სახელით ცდილობს დარტყმა მიაყენოს კრიტიკულ სამოქალაქო სექტორს.

იურისტები და ანალიტიკოსები, მათ შორის სოციალური მართლმსაჯულების ცენტრი და საბუ ბრაჭველი, ხაზს უსვამენ, რომ ამერიკული FARA არ შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოში შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვის გარეშე.

FARA არ ვრცელდება ორგანიზაციებზე, რომლებსაც აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, მაშინაც კი, თუ ისინი ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან. განმსაზღვრელი ფაქტორია უცხოელ დონორზე დამოკიდებულების ხარისხი. თუ ორგანიზაცია მუშაობს ავტონომიურად და იყენებს გრანტებს თავისი დასახული მიზნებისთვის (მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლაში), ის არ ითვლება უცხოურ აგენტად.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არსებობს როგორც აშშ-ში, ისე საქართველოში. ამერიკული ვერსია FARA-ში რეგისტრირებული არ არის, რადგან აქვს დამოუკიდებელი მიზნები და მართვა. შესაბამისად, ამერიკული კანონის ლოგიკის მიხედვით, ქართულ TI-საც არ უნდა შეეხოს რეგულირება. თუმცა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკვე არაერთხელ ადანაშაულებდნენ TI-ს „უცხოური ინტერესების“ ლობირებაში.

საბა ბრაჭველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ მართლაც სურს ამერიკული მოდელის გადმოტანა საქართველოში, მაშინ მას სრულად უნდა დანერგოს მთელი სისტემა — მათ შორის, ორგანიზაციის უფლება სასამართლოში გაასაჩივროს გადაწყვეტილება და დეტალური სამართლებრივი პროცედურა, რაც ჯერჯერობით არ შეიმჩნევა.

უფრო მეტიც, საქართველოს კანონპროექტის განმარტებით ბარათში პირდაპირ წერია, რომ ახალი კანონი საჭიროა, რადგან წინა, „რუსული“ ვერ განხორციელდა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეგისტრაციაზე უარი განაცხადეს.

TI Georgia-ს ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი- სანდრო ბარამიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამ კანონს სწორედ იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ მიიღებს, როგორიც მათი ორგანიზაციაა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი TI-ის რეესტრში შეყვანის შესახებ კითხვაზე პირდაპირ პასუხს არიდებს. ამის ნაცვლად, მან გაიმეორა ორგანიზაციის მიმართ წაყენებული ბრალდებები და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ანტიკორუფციული ბიურო მიიღებს, რომელიც კანონით გათვალისწინებული აღმასრულებელი ორგანოა.

აშშ-ს საელჩომ ადრე განაცხადა, რომ FARA-ს რეალური მიზანი არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანმიმართვა, არამედ უცხო მთავრობების სახელით ლობისტური საქმიანობის შეზღუდვა. ეს პოზიცია 2024 წელს გამოთქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა.

წყარო – Netgazeti