
„30 წლამდე ზოგიერთი სტუდენტი შესაძლოა გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან“. ამას მოწმობს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის (ICHRP) მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც ამ წუთებში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს.
კერძოდ, წინადადებების მიხედვით, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომლის ასაკი არ აღემატება 30 წელს და რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს, არ დაიბეგრება შემოსავლის გადასახადით.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ცვლილების მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, მომუშავე სტუდენტებისთვის ხელსაყრელი ფინანსური გარემოს შექმნა, ხოლო მეორე მხრივ, უმუშევარი სტუდენტებისთვის დამატებითი მოტივაციის უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ ასევე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნიდან სტუდენტი ახალგაზრდების გადინების შემცირებაზე.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, შემაშფოთებელი რაოდენობის სტუდენტებმა სტატუსი ფინანსური პრობლემების გამო დაკარგეს. ამ პრობლემების გადასაჭრელად სტუდენტები ცდილობენ საკუთარი შრომით უზრუნველყონ განათლების მიღების უფლება, თუმცა გამოცდილების და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე მათი ხელფასი საკმაოდ დაბალია.“
შესაბამისად, თუ სტუდენტი საშემოსავლო გადასახადს არ ექვემდებარება, მისი წლიური შემოსავალი გაიზრდება 6000 ლარით, რაც მას საშუალებას მისცემს დაფაროს სწავლის საფასური და მინიმალური ხარჯები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ სტუდენტების რაოდენობას, რომელთაც სტატუსი შეუჩერდათ ზემოაღნიშნული მიზეზებითა და საფუძვლებით და მისცემს ამ ჯგუფს განათლებისა და ტრენინგის თანაბარი შესაძლებლობების მქონე“, – ნათქვამია კანონპროექტში.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერის შემთხვევაში, შეღავათით სარგებლობა ექნებათ როგორც ამჟამინდელი სტატუსის მქონე სტუდენტებს, ასევე მათ, ვისაც სტატუსი ფინანსური პრობლემების გამო შეუჩერდა.