ახალქალაქის მერიამ სპეციალური ტექნიკის იჯარით აღების ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანია მუნიციპალიტეტის მოთხოვნით არხის გაწმენდის, ნაგვის გატანის და საგანგებო სიტუაციებში და მის ფარგლებს გარეთ აუცილებელ სამუშაოებს განახორციელებს.

ახალქალაქის მერია 8 ერთეულ სამოქალაქო და სამშენებლო ტექნიკას ქირაობს – მიწის სამუშაოების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანად, არხების თხრის, დასუფთავებისა და სხვა სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტში მთელი წლის განმავლობაში, როგორც საგანგებო სიტუაციებში, ასევე სხვა აუცილებელ შემთხვევებში. ამ სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტმა 745,76 ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით საჭიროა ბულდოზერი, ექსკავატორი, სატვირთო მანქანები, სხვადასხვა ტევადობის ამწეები და სხვა ტექნიკა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის- არა მოვსისიანის თქმით, მერია უკვე მესამე წელია, რაც მუნიციპალიტეტის საჭიროებებისთვის სხვადასხვა ტექნიკას ქირაობს. წინასწარ უნდა ჰქონდეს სპეციალური ტექნიკა, რათა საჭიროების შემთხვევაში დრო არ დაიკარგოს და მაშინვე დაიწყოს სამუშაოები.

“ეს იმისთვის, რომ თუ სადმე საჭიროა გათხრა, არხების გაწმენდა, არ არის აუცილებელი, რომ იყოს საგანგებო სიტუაცია. თუ სოფლებში არის ნაგავი, უფლებამოსილი პირი წერს განცხადებას, ვაგზავნით ტექნიკას და ისინი ასრულებენ სამუშაოს. ახალქალაქის სერვის ცენტრი არაფერ შუაშია, ეს გარკვეულწილად ეხმარება სერვის ცენტრს”, – ამბობს არა მოვსისიანი.

ტენდერი მერიამ 14 მარტს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 28 მარტამდე გაგრძელდება.