
ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპიუტერულ სისტემაში თვითნებური შეღწევის ფაქტზე, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, დააკავეს ადრე ნასამართლევი ი.ო., 2002 წელს დაბადებული. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით თვითნებურად ითვისებდა სხვადასხვა მოქალაქის პერსონალურ გვერდებს სოციალურ ქსელ Facebook-ზე, რის შემდეგაც, მათი სახელებისა და გვარების გამოყენებით, უკავშირდებოდა სხვადასხვა პირებს და მათგან თანხას ითხოვდა.“
ბრალდებულმა ი.ო.-მ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის შედეგად რამდენიმე მოქალაქის ფულადი თანხები მიითვისა. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამ ეტაპზე გამოვლენილია 25 დაზარალებული მოქალაქე.
„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე და 284-ე მუხლების მიხედვით,“ — ნათქვამია ინფორმაციაში.