
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მიღებულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობა განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. თუმცა, ეს განხორციელდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და განიხილება როგორც სისხლის სამართლის სასჯელი.
მდინარაძის თქმით, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. მან აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ადმინისტრაციული ჯარიმა, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელი. თუ პირი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დამნაშავედ ცნეს, გამონაკლის შემთხვევებში მოსამართლეს შეუძლია მისი სავალდებულო მკურნალობა განსაზღვროს. მოსამართლის გადაწყვეტილება შეიძლება ეფუძნებოდეს საქმის მასალებსა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას.
მისი თქმით, მოსამართლეს შეუძლია გადაწყვიტოს, რომ კონკრეტული პირის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით აუცილებელია არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ ზოგადი პრევენციული ზომები, რაც შესაძლოა მოიცავდეს მკურნალობას, როგორც დამატებით სასჯელს.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ სტრასბურგის პრეცედენტული გადაწყვეტილებები ასევე საშუალებას იძლევა მსგავსი ზომების მიღებას. თუ პირი წარმოადგენს საფრთხეს როგორც საკუთარი თავისთვის ისე საზოგადოებისათვის, და სავალდებულო მკურნალობა აუცილებელია, შესაბამისად მოსამართლეს შეუძლია მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება.