
ამ წელს ჯავახეთში კარტოფილის მწარმოებლები კმაყოფილები არიან კარტოფილის ფასით.
მყიდველთა რაოდენობა იზრდება, პარალელურად კი ფასიც მატულობს.
თუ შემოდგომიდან იანვრამდე 1 კგ კარტოფილის ფასი 45-65 თეთრს შორის მერყეობდა, ახლა 1-დან 1,30 ლარამდეა.
ახალქალაქის კარტოფილის ძირითადი მყიდველები აზერბაიჯანელი და რუსი გადამყიდველები არიან. მუნიციპალიტეტიდან ყოველდღიურად უზარმაზარი სატვირთო მანქანები ტონობით კარტოფილს გადააქვთ აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში და სხვაგან.
სოფელ ხანდოდან ანდრანიკ ჰაკობიანი ამბობს, რომ რეალიზაციის პრობლემა ჯერ არ ჰქონია.
„ამინდის არასახარბიელო პირობებმა პრობლემები შექმნა მოსავლის აღების დროს. 4 ჰექტარი კარტოფილი შევაგროვე და საწყობში შევიტანე, მაგრამ გაყინული იყო, ამიტომაც გადაყრა მომიწია. მართალია, თავდაპირველად კარტოფილის ფასი დაბალი იყო, მაგრამ შემდეგ გაიზარდა. მე თავად კმაყოფილი ვარ – როგორც მოსავლით, ისე გაყიდვის ფასებით,“ – ამბობს ანდრანიკ ჰაკობიანი.
სოფელ ხანდოს მცხოვრები არარატ სპერციანის თქმით, გასული წელი კარტოფილისთვის ძალიან ხელსაყრელი წელი იყო.
„შემოდგომის ფასებს თუ შევადარებთ მიმდინარე ფასებს, განსხვავება დიდია.შემოდგომაზე ვყიდდით 45-50 თეთრად, რამაც ღირებულებაც არ დაფარა, მაგრამ თებერვლიდან ფასმა დაიწყო მატება და ახლა 1 კგ კარტოფილის ფასი 1 ლარიდან იწყება, ეს ძალიან კარგი ფასია“, – ამბობს არარატ სპერციანი.
მსხვილ კარტოფილზე ფასები 1-დან 1,30 ლარამდე მერყეობს.
საშუალო ზომის კარტოფილის ფასები 45-დან 60 თეთრამდე მერყეობს.
გევორგ ჯანოიან