ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის მრავალსართულიანი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, 9 მარტის საღამოს, „მერსედესისა“ და „სუბარუს“ მარკის მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის არც ერთი მხარე არ დაშავებულა.

შეჯახების დროს “მერსედესის” მარკის ავტომობილი საგზაო ზოლზე პერპენდიკულარულ მდგომარეობაში იყო, “სუბარუ” ფართო გზის შუა ნაწილში, შესაძლოა მოძრაობის საპირისპირო ხაზზე.

შეჯახება, როგორც ჩანს, არც ისე ძლიერი ყოფილა, არავინ დაშავებულა, მხოლოდ მანქანებია უმნიშვნელოდ დაზიანებული, თუმცა გარშემო შეკრებილმა უამრავმა გამვლელმა, ავარიის მონაწილეთა ნაცნობებმა და უბრალოდ ცნობისმოყვარე ხალხმა დიდი ავარიის შთაბეჭდილება მიიღო.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ და ცდილობდნენ მომხდარის გარკვევას, ვინაიდან ასეთ სიტუაციაში ძნელია იმის დადგენა, თუ ვინ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები.