
ქვეყნის მაშტაბით რაგბი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა. თუმცა, „ტაოს“ სარაგბო კლუბის დაფინანსების მთელი პერიოდის განმავლობაში ახალქალაქში პროფესიონალი სპორტსმენები არ გამოჩენილა, მაგრამ მუნიციპალური ბიუჯეტიდან კლუბში თანხები ყოველწლიურად მაინც ირიცხება.
2017 წლიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურ შენატანებს ახორციელებს რაგბის კლუბ „ტაოში“. ყველაზე დიდი თანხა, რაც გადაირიცხა კლუბში, სადაც მუნიციპალიტეტიდან არც ერთი პროფესიონალი მორაგბე არ გამოჩენილა, 90 000 ლარი იყო – ეს იყო 2024 წელს. 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული საწყისი გადასარიცხი თანხა 55 000 ლარი იყო, შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ დამატებითი დაფინანსება მოითხოვა, ბიუჯეტიდან კლუბს დამატებით 15 000 ლარი გამოეყო, ჯამში 70 000 ლარი. თუმცა, 2025 წლის ბიუჯეტის მონაცემებით, რეგიონული კლუბისთვის 2024 წელს გამოყოფილი ფაქტობრივი თანხა 90 000 ლარს შეადგენს.
ახალქალაქის მერიის ფინანსური სამსახურის უფროსის, კარენ მერგელიანის თქმით, რაგბის კლუბს 2025 წლისთვის ავანსის სახით 20 000 ლარი გადაერიცხა და წელს ბიუჯეტში სხვა არაფერია გათვალისწინებული, თუმცა არ არის გამორიცხული, ტაომ წელსაც მოითხოვოს დამატებითი თანხა.
„წელს ჩვენი ბიუჯეტი ტაოს რაგბის კლუბისთვის ფინანსებს არ ითვალისწინებს. ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება, ისინი რაღაც შეჯიბრში მონაწილეობდნენ და მათ დამატებითი ფინანსები სჭირდებოდათ, რომ მონაწილეობა მიეღოთ, შეადგინეს ოქმი და უნდოდათ, რომ 2025 წლის თანხა წინასწარ 2024 წელს გადაერიცხათ. შესაბამისად, 2024 წელს 20 000 ლარი ჩაირიცხა. შესაძლოა, წლის განმავლობაში მოგვმართონ, რომ კიდევ 30 000 გადავურიცხოთ, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან აიღეს დაფინანსება და არა მარტო ჩვენ გადმოვრიცხეთ წინასწარ – ყველა მუნიციპალიტეტმა გააკეთა ასე“,- ამბობს ის.
საერთო ჯამში, 2017 წლიდან დღემდე რეგიონულმა კლუბმა „ტაომ“ ახალქალაქის ბიუჯეტიდან 445 000 ლარი მიიღო. 2017 და 2018 წლებში კლუბი წელიწადში 40 000 ლარს იღებდა, 2019 წლიდან 2023 წლამდე – 55 000 ლარს წელიწადში. ხოლო 2024 წელს – ერთბაშად 90 000 ლარი. თუმცა, ახალქალაქელი ბიჭები ახალგაზრდულ გუნდს არ გასცდნენ. ამჟამად ახალგაზრდულ ნაკრებში შეიძლება ორი სპორტსმენი მოხვდეს, მაგრამ ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული, რადგან „ტაოს“ ვარჯიშები ასპინძაში ტარდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2021 წლის კვლევაში აცხადებდა, რომ „2012-2013 წლებში ფონდმა „ქართუმ“ სარაგბო ბაზა ასპინძაში მოაწყო, რომელიც შპს „R-15 რაგბის მხარდაჭერის ალიანსს“ ეკუთვნის. ამ შპს-ის ორივე დამფუძნებელი – „რაგბის მხარდაჭერის ლიგა“ (20%) და „ATU ასოციაცია“ (80%) – უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან და პარტია “ქართულ ოცნებასთან„ არიან დაკავშირებული“.