2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 5 მარტს 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილს 18:00 საათზე დასრულდება.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე: online.naec.ge.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად წარიმართება:
ძირითადი ეტაპი – 2 აპრილის 18:00 საათამდე აპლიკანტებმა უნდა გადაიხადონ რეგისტრაციის საფასური, შეავსონ პერსონალური მონაცემები, შეარჩიონ საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები.
10 აპრილის 18:00 საათამდე აპლიკანტებს საშუალება ექნებათ შეცვალონ ან დაამატოთ საგანი, ასევე შეცვალონ საგამოცდო ენა. ამ დრომდე საგამოცდო ქალაქის შეცვლაც იქნება შესაძლებელი.
რეგისტრირებულ აბიტურიენტებს შეეძლებათ მრავალჯერ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული სია. პროგრამების არჩევის, წაშლის და გადატანის შესაძლებლობა შენარჩუნდება აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge.
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის თარიღები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

ანი მინასიან