
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორი მცხოვრები შ.უ. და მ.ა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალქალაქის სამმართველოს თანამშრომელზე თავდასხმისთვის ასამართლებენ. ბრალდებულებს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ „სახელმწიფო მოხელეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის“.
ცემის შემთხვევა გასული კვირის დასაწყისში მოხდა. როგორც შ.უ. და მ.ა.-ს თანასოფლელები ყვებიან, ბრალდებულების მანქანა თოვლში იყო ჩარჩენილი,ისინი მაშველებს დაურეკეს. Jnews-მა არ იცის, რა საუბარი შედგა გამოძახებებსა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალქალაქის სამმართველოს თანამშრომელს შორის, თუმცა ამ საუბრის შემდეგ ბრალდებულებმა მანქანა თოვლში დატოვეს და ქალაქში მივიდნენ და თანამშრომელს, რომელთანაც ტელეფონზე საუბრობდნენ, სცემეს. თავდამსხმელები მაშინვე დააკავეს.
2025 წლის 27 თებერვალს ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულებს ბრალი სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი პრიმას მე-2 ნაწილით ედებათ – „პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით“.
ამ მუხლითა და პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 9-დან 13 წლამდე.
Jnews-ი 28 თებერვლიდან ცდილობს გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია, ვინაიდან „სამსახური დაკავებულია გურიაში მომხდარი სტიქიით“. პასუხის მიღების შემდეგ Jnews-ი გამოაქვეყნებს მას.