
3 მარტის ღამეს ძლიერი ქარის გამო, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის გზები რთულად გასავლელი და ზოგ შემთხვევაში გაუვალი გახდა. მერიაში დასუფთავების მოთხოვნა რამდენიმე სოფლიდან უკვე გაეგზავნა.
შუადღის მდგომარეობით, ახალქალაქის მერიაში გზების გაწმენდის თაობაზე გამოძახებები მიიღეს სოფელ მოდეგამიდან, პატარა სამსარიდან, ხოსპიოდან, მურჯახეთიდან.
„ახლა სოფელ მოდეგამში მუშაობს ტექნიკა, შემდეგ წავა პატარა სამსარში, იქიდანაც უკვე დაგვირეკეს. მუნიციპალიტეტში ღამით ძლიერი ქარი იყო, რის გამოც სოფლის გზები თოვლმა მოიცვა. მაღალ მანქანებს შეუძლიათ გავლა, მაგრამ გზები უნდა გაიწმინდოს. გზები გაყინულია. სოფელ მურჯახეთის გზა ჩაკეტილია, გზაზე მანქანებია ჩარჩენილი“, – აცხადებენ ახალქალაქის მერიაში.
ახალქალაქის მერიაში გზების გაწმენდის მოთხოვნით სხვა სოფლებიდან ზარები ამ დრომდე არ შემოსულა, თუმცა შესაძლებელია დღის განმავლობაში ზარი მიიღონ, რადგან ტერიტორიაზე ძლიერი ქარი გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ შარშან სოფლის გზების თოვლისგან გაწმენდის ტენდერში კომპანია „ჯავახავტოგზამ“ გაიმარჯვა და ამჟამად მუნიციპალიტეტში ამ სამუშაოებით არის დაკავებული.
მუნიციპალიტეტმა 6 თებერვალს ახალქალაქისა და სოფლების თოვლისგან გაწმენდისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა, მაგრამ შესყიდვების ვებგვერდზე ტენდერის სტატუსი აღნიშნულია, როგორც “არ შედგა”. ტენდერში არც ერთი კომპანია არ მონაწილეობდა.