
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 თებერვალს გამართულ სხდომაზე ახალქალაქში მრავალსართულიანი შენობების სახურავების რეაბილიტაციისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა გადაწყდა.
ახალქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში მრავალსართულიანი შენობების სახურავების რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარი დაუთმო. თუმცა, ახალქალაქის მერიამ გადაწყვიტა დამატებით კიდევ 83 475 ლარი გამოეყო. 2024 წელს ამ მიზნით 284 713 ლარი გამოიყო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის- არა მოვსისიანის თქმით, წელს ახალქალაქში სამი მრავალსართულიანი შენობის სახურავის გარემონტება იგეგმება. გარდა ამისა, სხვა შენობების რეაბილიტაციისთვის პროექტები მომზადდება.
ქალაქ ახალქალაქში მე-14 სამხედრო ქალაქში №50 კორპუსის სახურავის რეკონსტრუქციის ტენდერი უკვე ჩატარდა, ხელშეკრულება გაფორმებულია. ტენდერის საწყისი თანხა 46 964 ლარი იყო. სატენდერო აუქციონში ოთხი კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებული კერძო მეწარმე აარონ მარგარიანი გახდა, რომელმაც ყველაზე დაბალი თანხა – 36 818,24 ლარი შესთავაზა.
„სახურავების რეაბილიტაციისთვის უკვე გამოვყეთ 300 000 ლარი, რადგან სამი პროექტი გვქონდა. ერთი ტენდერი უკვე გამოცხადდა, თუმცა დარჩენილ ორ პროექტზე თანხა არ იყო საკმარისი, ამიტომ მაშტოცის ქუჩაზე №81 და №82 მრავალსართულიანი შენობების სახურავების გასარემონტებლად დამატებითი თანხა გამოიყო. ასევე, ერთი წლის განმავლობაში მოვამზადებთ აღმაშენებლის ქუჩაზე, პოლიციის შენობის წინ მრავალსართულიანი შენობების სახურავების რეაბილიტაციის პროექტებს. თუ გამოვა, 1-2 პროექტს განვახორციელებთ“, – თქვა არა მოვსისიანმა.