ერთ თვეში ახალქალაქელები სამუშაოდ რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრებიან. ახალქალაქში უმუშევრობის გამო „ხოფანი“ დიდი ხანია ათასობით ადამიანის შემოსავლის ერთადერთ წყაროდ იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ რუბლის კურსი დაბალია, ხალხი მაინც მიდის რადგან ალტერნატივა არ აქვს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მცხოვრები აჰარონ კაროიანი ამბობს, რომ იძულებულია სამუშაოდ საზღვარგეარეთ წავიდეს.

„ადგილზე სამუშაოს პოვნა ძალიან რთულია და რომც იპოვო, ხელფასები დაბალია. რა თქმა უნდა, თუ 2000 ლარიანი ხელფასით სამუშაოს ვიპოვი, ოჯახთან დავრჩები. ყველა, ვინც სამსახურში მიდის რუსეთში- რჩება 8 თვის განმავლობაში, სახლიდან განცალკევებულია. რუბლი ძალიან იაფია, მაგრამ ალტერნატივა არ გვაქვს. კარგია, რომ რუსეთი არსებობს, თორემ სად წავიდოდით სამუშაოდ”?

აჰარონისგან განსხვავებით, აბელ უნანიანი რამდენიმე წელია, რაც არ მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ და სოფელში რჩება. მისი თქმით, ხალხი იძულებულია, არავის უნდა ოჯახიდან მოშორებით ცხოვრება.

„რუსეთში სამუშაოდ რამდენიმე წელია არ წავსულვარ. ვცხოვრობ სოფელში და მიწათმოქმედებით ვარ დაკავებული. თუ სამუშაო ადგილი იქნება, ყველა დარჩება. რუსეთში ყველაზე დაბალი ხელფასი 3000 ლარია. 2000-2500 ლარამდე სამუშაო ადგილზე რომ იყოს, ჩემი აზრით ვინც ფულის გამომუშავებისთვის მიდის, სახლში დარჩება. არავის მოსწონს სახლიდან შორს ცხოვრება“, – ამბობს სოფელ არაგვის მაცხოვრებელი აბელ უნანიანი.

ამავე სოფლის კიდევ ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ამბობს,- „უკვე 55 წლის ვარ, მთელი ცხოვრეის განმავლობაში ფულის გამომუშავების მიზნით რუსეთში ვარ წასული, სხვა ალტერნატიული გზის არყოფნის გამო, ჩემი შვილიც რუსეთში მიდის სამუშაოდ. სოფელში მესაქონლეობითა და სოფლის მეურნეობით ნორმალური ცხოვრება შეუძლებელია. რუსეთში ადვილი არ არის, არც ჩვენ გვინდა წასვლა, მაგრამ უნდა წავიდეთ“.

2024 წლის მაისში Jnews-მა ჩაატარა კვლევა, რათა გაერკვია ახალქალაქის ოჯახების რამდენი პროცენტი ცხოვრობს საზღვარგარეთ გამომუშავებული ფულით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სულ 51 331 ადამიანი და 13 100 ოჯახი ცხოვრობს. კვლევის შედეგების მიხედვით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოჯახების 57%-დან ერთი ადამიანი მაინც მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ, რაც ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა. ფულის გამომუშავებლად საზღვარგარეთ წამსვლელთა რაოდენობა 7432 ადამიანს შეადგენს.(Jnews-ის კვლევა შესაძლოა ხარვეზებს შეიცავდეს, რადგან მონაცემები გაანალიზებულია მუნიციპალიტეტის თითოეულ რაიონში ინფორმაციის მქონე ადამიანებთან პირადი ინტერვიუების საფუძველზე).

აღსანიშნავია, რომ ემიგრანტთა აბსოლუტური უმრავლესობა სამუშაოდ რუსეთში მიდის. Jnews-ის კვლევის მიხედვით, ემიგრანტთა 95,9% ფულის საშოვნელად რუსეთში მიდის.

გევორგ ჯანოიან