სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის შეჩერებული კურსები, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ბავშვებისთვის მულტიმედიური უნარების სასწავლო კურსების შეჩერება, დახურვის საფრთხის წინაშე მყოფი ახალგაზრდული და სხვა საგანმანათლებლო ცენტრები, აშშ-ში უცხოური დაფინანსების დროებითი შეჩერების მხოლოდ რამდენიმე შედეგს წარმოადგენს, რაც დღეს ჯავახეთში იგრძნობა.

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც საგარეო დახმარების ყველა პროგრამას 90 დღით აჩერებს, სანამ განხილვა დასრულდება. დროებითი შეჩერების ოფიციალური მიზანი პოლიტიკის მიზნებთან მათი შესაბამისობის დადგენაა. დაფინანსების შეჩერებამ განაპირობა ის, რომ ბევრი პროგრამა, რომელიც აშშ-ს მხარდაჭერის წყალობით არსებობდა, უბრალოდ შეჩერდა, მათ შორის ჯავახეთშიც.

ჯავახეთის მოსახლეობა ტრადიციულად გულგრილი რჩება საქართველოში და თვით რეგიონშიც კი მიმდინარე პოლიტიკური და სამოქალაქო პროცესების მიმართ. ბევრს მიაჩნია, რომ რადგან ეს მოვლენები ახლა მათზე პირდაპირ არ მოქმედებს, სანერვიულო არაფერია. არიან ისეთებიც, რომლებიც მხარს უჭერენ დაფინანსების შეჩერების გამო შექმნილ ვითარებას. თუმცა, საქართველოში ბოლო 2-3 ათწლეულის განმავლობაში, უცხოური დაფინანსება სხვადასხვა სფეროში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჯავახეთის მოსახლეობა რამდენადაც არ უნდა გრძნობდეს თავს მთელი პოლიტიკური პროცესის მიღმა, ეს პროცესები მაინც პირდაპირ გავლენას ახდენს ბევრ ოჯახზე. პირველ რიგში, უცხოური დაფინანსება იგრძნობოდა ბავშვებისა და მოზარდების არაფორმალური, ინტეგრაციული განათლების სფეროში.

აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებების შედეგებმა განაპირობა ის, რომ ჯავახეთის ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული ბევრი სასარგებლო, ეფექტური და საინტერესო პროექტი დაიხურა – ამ ეტაპისთვის დროებით.

მცირერიცხოვანი ახალგაზრდული ცენტრები იყო ადგილები, სადაც არაინტეგრირებული ჯავახეთიდან ჩამოსულ ბავშვებს უფასოდ განვითარების, ენების სწავლის, პროფესიული უნარ-ჩვევების მოპოვების, თემატურ ბანაკებში მონაწილეობის, პროფესიის არჩევის პრაქტიკული რჩევების მიღების, აქტიურობისა და მრავალმხრივ განვითარების შესაძლებლობა ჰქონდათ. თუმცა, დღესდღეობით თითქმის უმრავლესობამ შეაჩერა საქმიანობა, რისი განახლებაც საკითხის ქვეშ დგას. ასეთი პროგრამები დამოუკიდებლად ვერ იარსებებს, არა მხოლოდ შენობების გაქირავების და კომუნალური ხარჯების დაფინანსების არარსებობის გამო, არამედ სპეციალისტებისა და გარე მხარდაჭერის ნაკლებობის გამო, რომლის გარეშეც მათი განხორციელება შეუძლებელია.

არაფორმალური განათლება

2004 წლიდან ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრი აქტიურად მუშაობს. მისი პროგრამები და პროექტები ადგილობრივ ახალგაზრდებს საზოგადოებაში ინტეგრირებაში და უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარება. აქ ახალგაზრდები ესწრებიან სხვადასხვა ტრენინგებს, სწავლობენ ინგლისურს, გადიან ბიზნეს კურსებს სხვადასხვა პროგრამებში, სწავლობენ პროექტების წერას, მონაწილეობას იღებენ საგრანტო კონკურსებში, საკუთარი მცირე ბიზნესის გახსნის, მშობლიური ქალაქიდან გაუსვლელად განვითარების და ადგილობრივი საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანის შესაძლებლობას იღებენ.

2022 წლის ოქტომბერში ახალგაზრდულმა ცენტრმა ახალი ხუთწლიანი „ერთობა მრავალფეროვნებაშია“ პროექტი დაიწყო, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ და ახორციელებს UNAG-ი. მისი მთავარი მიზანია აჩვენოს, რომ ჯავახეთის მოსახლეობა ქვეყნის თანასწორი და სრულფასოვანი მოქალაქეებია. ამ ორგანიზაციის პროგრამები 1500-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. თუმცა დღეს ახალგაზრდული ცენტრი დროებით დაკეტილია.

“GIPA MEDIA LAB„ – “მულტიმედიური უნარები მულტიკულტურული საზოგადოებისთვის„

GIPA MEDIA LAB-ის მეცადინეობები ინიცირებული და ჩატარებულია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით. 2016 წლიდან ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ყოველ მეორე შაბათს და კვირას იმართება ჟურნალისტიკის, კინოსა და სოციალური მედიის გაკვეთილები, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ამ ქალაქების სკოლის მოსწავლეები, ასევე მეზობელი სოფლების კურსდამთავრებულები.

მეცადინეობები უფასო იყო. პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად საუკეთესო მოსწავლეებს შორის თამაშდებოდა პრიზები, ორ კურსდამთავრებულს კი GIPA-ში ოთხი წლის განმავლობაში უფასოდ სწავლის შესაძლებლობა მიეცა.

“GIPA MEDIA LAB„  პროექტის მიზანია კომუნიკაციის, კინოს, სოციალური მედიისა და მეწარმეობის სფეროში რეგიონების ახალგაზრდებისთვის ცოდნის გადაცემა, ასევე მედიაწიგნიერების დონის ამაღლება, რაც თანამედროვე მსოფლიოში ნებისმიერი პროფესიის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მეცადინეობები ჩატარდა ქვემო ქართლის რეგიონშიც. კურსები ამჟამად შეჩერებულია. ყოველწლიურად მათ ჯავახეთიდან 30-მდე ბავშვი ამთავრებდა. ამ პროექტის არსებობის მანძილზე, 15-დე ახალგაზრდას მიეცა საქართველოს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში – GIPA-ში – ჩაბარების შესაძლებლობა.

ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი

ცენტრი 2009 წლიდან ფუნქციონირებს, ცენტრის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფინანსებულია აშშ-დან. ამ ხნის განმავლობაში ბევრმა მცხოვრებმა შეძლო ინგლისური, რუსული და ქართული ენების, ლოგიკის კურსების გავლა. გამოცდებისთვის მოსამზადებლად აქ მასწავლებლებსაც ამზადებდნენ, ბუღალტერებს ამზადებდნენ. მოსახლეობა დაეუფლა კომპიუტერულ უნარებს, კულინარიას, სადღესასწაულო მაგიდების გაფორმების ხელოვნებას (ფურშეტი, კარვინგი) და მრავალი სხვა.

ცენტრმა უფასო იურიდიული დახმარებისა და სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციების მიღების  შესაძლებლობა მისცა. განხორციელდა “სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების„ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი მრეწველობის  აღდგენას. ეს მხოლოდ ნაწილია იმ პროექტებისა, რომლებიც ცენტრის არსებობიდან წლების განმავლობაში ახალქალაქში განხორციელდა. აქ ათასობით მაცხოვრებელმა მიიღო განათლება. გაიმართა შეხვედრები და ტრენინგები სხვადასხვა თემაზე. თუმცა, დღეს ცენტრი დროებითი დახურვის საფრთხის ქვეშაა, რადგან მას არ შეუძლია უბრალოდ საკუთარი თავის უზრუნველყოფა ამერიკული პროგრამების დაფინანსების გარეშე.

ინგლისური ენის უფასო სწავლა

საქართველოში ACCESS-ი (ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა) აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსდა. გასულ წელს პროგრამამ მთელ მსოფლიოში 20 წლის იუბილე აღნიშნა. ACCESS-ი საქართველოში 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მოიცავს 26 დასახლებულ პუნქტს. ახალქალაქში ამ პროგრამით ინგლისურს 30 ბავშვი უფასოდ სწავლობდა.

ახალქალაქში ბიზნეს ინგლისურის პროგრამას 60 ადამიანი დაესწრო. ამ დროისთვის ორივე პროექტი შეჩერებულია.

რატომ არის ეს პროექტები მნიშვნელოვანი?

ყველა ზემოაღნიშნული პროექტი არსებობდა უცხოური დაფინანსების წყალობით. თუმცა, ქვეყნის მკაცრი საშინაო პოლიტიკა და გეოპოლიტიკური ცვლილებები საფრთხეს უქმნის წლების განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის აშშ-ს მხარდაჭერით მიღწეულ შედეგებს. ახლა ყველა მათგანი დაიხურა ან დახურვის საფრთხის წინაშეა.

“ამ დროის განმავლობაში ბავშვებს შეეძლოთ სხვადასხვა კურსების გავლა, გაცვლით პროგრამებს დასწრება, ბანაკებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა. ისინი ენებს სწავლობდნენ… ახლა კი ყველაფერი შეჩერდა, დაიხურა. არავინ იცის რა იქნება შემდეგ. ეს იყო აშშ-ს მიერ დაფინანსებული პროექტები, რომლითაც მთელმა საზოგადოებამ ისარგებლა. ბავშვები, რომლებმაც დაასრულეს ტრენინგი, ზამთრის და საზაფხულო სკოლები, ადაპტირდნენ სხვადასხვა სოციალურ გარემოში და ინტეგრირდნენ საზოგადოებაში. მათ იპოვეს მეგობრები და გააფართოვეს სოციალური წრე. სასკოლო განათლება ერთია, მაგრამ სკოლის გარეთ მიღებული განათლება სულ სხვაა. აქ განვითარდა მათი ლოგიკა, ჩამოყალიბდა ახალი უნარები და გაფართოვდა მათი შეხედულებები. თუ არასამთავრობო ორგანიზაციები დაიხურება, ვინ იზრუნებს ამაზე? ვინ განავითარებს ბავშვებს გარე დაფინანსების გარეშე?„  – ამბობს ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი შორენა თეთვაძე.