“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დათანხმდა, რომ კლინიკაში გაგრძელდეს მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელი, თავს გრძნობს მხნედ, თუმცა აღენიშნება ისეთი ჩივილები, რაც ბუნებრივად თაან ახლავს 30-დღიან შიმშილობას.

“მოგეხსენებათ, პარასკევს პაციენტი ნახეს სახალხო დამცველის აპარატის ექიმებმა და შემდეგ შევხვდით ჩვენ. ერთობლივი, შეჯერებული რეკომენდაციები გავეცით, რაზეც პაციენტი დათანხმდა. აქ საუბარი იყო იმ სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაზე და იმ გართულებების პრევენციაზე, რაც ამდენხნიან შიმშილობას ახასიათებს. დღეს, დილიდან მკურნალ ექიმთან ერთად გავიარეთ ეს ყველაფერი, შესრულდა საკონტროლო კვლევები, ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევხვდით პაციენტს, ავუხსენით მისი მდგომარეობა, მონიტორინგის აუცილებლობა…

ქალბატონი მზია საკმაოდ გონიერი ადამიანია, ადეკვატურად აღიქვამს ამ ყველაფერს, გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები და უგრძელდება მონიტორინგი ჩვენს კლინიკაში”, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.