
სოფელ ოლავერდის მოსახლეობა რძის დაბალ ფასს უჩივის. მათი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, სოფლის მოსახლეობას პირუტყვის რაოდენობის შემცირება მოუწევს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მეცხოველეობა და მიწათმოქმედებაა.
„მაღაზიაში 0,5 ლიტრი ბოთლის წყალი 2 ლარი ღირს, ჩვენი რძის ერთი ლიტრი კი 1 ლარი. ეს უბრალოდ მიუღებელია. ამჟამად პირუტყვი არ შემიმცირებია, მაგრამ თუ რძის ფასი იგივე დარჩება, დიდი ალბათობით ჩემს პირუტყვს გავყიდი. რძის ამ ფასად გაყიდვა არ არის მომგებიანი“, – ამბობს სოფელ ოლავერდში მცხოვრები გევორგ მარტიროსიანი.
მისი თქმით, ოლავერდეში პირუტყვის რაოდენობა დაახლოებით 30%-ით შემცირდა. თუ 3 წლის წინ სოფელში 1500 სული პირუტყვი იყო, ახლა მხოლოდ 900–1000 დარჩა.
„მეცხოველეობა წამგებიანი გახდა“, – ხაზს უსვამს გევორგ მარტიროსიანი.
სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ რძის გაყიდვით შემოსული თანხა ძლივს ჰყოფნის პირუტყვის გამოკვებას.
„ჩვენი რძის ფასს ჩვენ არ ვადგენთ, ამას მყიდველი ადგენს. მყიდველი იხდის იმდენს, რამდენიც უნდა. ჩვენგან გადამამუშავებელი ქარხნები ყიდულობენ. კონკრეტულად, ნინოწმიდში რძის გადამამუშავებლებს ვაბარებ, მაგრამ ბევრი, შეიძლება ითქვას, მოსახლეობის უმრავლესობა რძეს სახლში ამუშავებს“, – ამბობს სამველ დავთიანი.
სამველი ამატებს, რომ მათ სოფელში პირუტყვის გაყიდვაც რთულია. მყიდველები ძირითადად მარნეულიდან ჩამოდიან, რომლებიც დაბალ ფასს გვთავაზობენ, ხოლო სოფლის მცხოვრებს, სხვა გზა არ აქვს, თანხმდება.
„ადგილობრივი ბაზარი დიდი არაა, ამიტომ იმისთვის, რომ გაყიდვა შეგვეძლოს, უნდა დავეთანხმოთ მათ მიერ შემოთავაზებულ ფასს. ძროხა წელიწადში თივის 100 ტუკს მოიხმარს, მწყემსს 150 ლარს ვაძლევთ, ხოლო 1 კილოგრამი ყველი 9 ლარი ღირს. სოფლის მკვიდრისთვის ერთადერთი სარგებელი საკუთარი ტანჯვაა და მეტი არაფერი“, – ასკვნის სოფელ ოლავერდში მცხოვრები სამველ დავთიანი.
გევორგ ჯანოიან