
საკმარისია მსუბუქი ქარი და ახალქალაქის სოფელი ხანდო ელექტროენერგიის გარეშე რჩება. Jnews-თან ინტერვიუში სოფლის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ხშირ გათიშვას უჩივიან, რის გამოც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა ფუჭდება. კომპანია „Energo Pro Georgia”-ში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვა უამინდობით არის გამოწვეული.
„მსუბუქი ქარი უბერავს და ჩვენს სოფელში ელექტროენერგია ითიშება, რაც პრობლემებს ქმნის. მათ შეუძლიათ 10 წუთში 3-4-ჯერ გათიშონ და ჩართონ განათება, რომელი ტექნიკა გაუძლებს ამას? ჩვენს სოფელში 60-70 პროცენტს აქვს გათბობის სისტემა. ყოველთვის გვესმის, რომ დენის გათიშვისა და ჩართვის შემდეგ ვიღაცის გათბობის სისტემა ან სარეცხი მანქანა არ ირთვება. სოფლის მოსახლეობაზე არავინ ფიქრობს. ამ დღემდე მივაღწიეთ, რადგან არ ვუჩივით“, – ამბობს სოფელ ხანდოში მცხოვრები რუბენ აკოპიანი.
ის ამატებს, რომ მარტოხელა პენსიონერებისთვის ელექტროენერგიის ყოველი გათიშვის შემდეგ გათბობის სისტემის ჩართვაც პრობლემას წარმოადგენს.
„ჩემი მშობლები მარტო ცხოვრობენ, ხანდაზმულები არიან და გათბობის გამორთვის შემდეგ ვერ რთავენ. დაახლოებით 4-5 წლის წინ მოვიდნენ და სოფელში კაბელები გამოცვალეს, მაგრამ მას შემდეგ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ახლა როგორც კი მსუბუქი ქარი დაუბერავს – შუქები ქრება“, – თქვა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ხანდოელები აღნიშნავენ, რომ ხანდახან “Energo Pro Georgia”დან იღებენ შეტყობინებებს, რომ უახლოეს საათებში ელექტროენერგიის გათიშვაა მოსალოდნელი, ეს მათ არ აზღვევს. ტექნიკა მაინც ფუჭდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს წარმომადგენელი აშოტ აკოპიანიც ადასტურებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ელექტროენერგია დღეში რამდენჯერმე გაითიშა.
„ენერგო პრო ჯორჯიამ“ Jnews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ელექტრომოწყობილობის გათიშვის გამო მცხოვრებს ელექტრო ტექნიკა გაუფუჭდა, კომპანია მზადაა კომპენსაციისთვის. მოქალაქემ ენერგო პრო ჯორჯიას უნდა დაწეროს განცხადება, რის შემდეგაც კომისია დაადგენს, არის თუ არა კომპანიის ბრალი და აბონენტი მიიღებს კომპენსაციას.
გევორგ ჯანოიან