ახალქალაქის საავადმყოფო ჰემოდიალიზის კაბინეტისთვის სპეციალისტის (ნეფროლოგის) და დამატებითი აღჭურვილობის მოზიდვაზე მუშაობს, რათა ცენტრი თირკმელების უკმარისობის მქონე მეტ პაციენტებს მოემსახუროს, რომლებიც დაავადების გამო სისუსტის მიუხედავად იძულებულნი არიან ჰემოდიალიზის პროცედურებისთვის კვირაში 3-ჯერ ახალციხეში ჩავიდნენ.

თირკმელების უკმარისობის მქონე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მცხოვრებთათვის ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ადგილზე ჰემოდიალიზის ხელმისაწვდომობაა, რადგან ამ პრობლემის მქონე პაციენტებმა ეს პროცედურა სისტემატურად უნდა გაიარონ, და დამღლელი გზა ამ ადამიანების ისედაც რთულ ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებს. ეს პრობლემა თითქოს 2023 წელს ახალქალაქის საავადმყოფოში ჰემოდიალიზის კაბინეტის გახსნით მოგვარდა. მაგრამ პროცედურით ადგილზე, ანუ ახალქალაქის საავადმყოფოში მხოლოდ 8 პაციენტს შეუძლია მუდმივად სარგებლობა, ხოლო ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან საავადმყოფოს მონაცემებით არის 30-35 პაციენტი, რომლებსაც ესაჭიროებათ ეს პროცედურა.

ახალქალაქის საავადმყოფოს ჰემოდიალიზის კაბინეტში მხოლოდ 4 “ხელოვნური თირკმლის” აპარატია. ტექნიკური ნაწილის გარდა, საავადმყოფო ყოველთვის აღნიშნავდა ამ განყოფილებაში კადრების პრობლემას. თუმცა, როგორც საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან თოროიანი ირწმუნება, ორივე საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება.

„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ნინოწმინდელ ექიმთან. ის უკვე 3 წელია მუშაობს ჰემოდიალიზის ერთ-ერთ წამყვან ცენტრში და დიაგნოსტიკურ მეთოდებს და ჰემოდიალიზის ყველა პროცედურას ფლობს. საბოლოო შეთანხმებას მივაღწიეთ, 10 თებერვლისთვოს საბოლოო შეთანხმება გვექნება. რაიონში დაბრუნდება და ახალქალაქში იმუშავებს. ამჟამად ჩვენ ჰემოდიალიზის სეანსებს 8 პაციენტისთვის ვატარებთ, კვირაში 3 დღე, ორ ცვლაში. პროცედურის ყოველ დღე ჩატარებას ვგეგმავთ, აუცილებლობის შემთხვევაში 3 ცვლაში. ჩვენ ახლა დაკავებულები ვართ ასევე არსებული აპარატების რაოდენობის გაზრდას და არსებული აპარატების უფრო ხარისხიანით ჩანაცვლებას. ეს საკითხი ჩვენს ხელმძღვანელობასთან წამოყენებულია. ვიმედოვნებ, რომ მოვაგვარებთ, ასეთ შემთხვევაში 22-დან 25-მდე პაციენტის მომსახურებას შევძლებთ. არის ტექნიკური საკითხები და პრობლემები, რომლებიც უნდა გადავჭრათ“, – ამბობს ალექსან თოროიანი.