
ახალქალაქში ტორტებისა და ნამცხვრების ცხობა ყოველთვის მომგებიანი საქმე იყო, განსაკუთრებით ბოლო წლებში საახალწლო დღესასწაულების წინ, როცა სულ უფრო მეტ ქალს ურჩევნია ნამცხვრების შეკვეთა. ამ ბიზნესს თავისი მახასიათებლები აქვს: არიან „საყვარელი“ კონდიტერები, რომლებიც თავიანთ სამზარეულოში აცხობენ თავიანთი „საყვარელი“ რეგულარული მომხმარებლებისთვის და არ ზრუნავენ მათი რაოდენობის გაზრდაზე, ასევე მცირე საკონდიტრო მაღაზიები, რომლებიც უფრო მეტად ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრობენ. Jnews-ი შეეცადა გაეგო ახალქალაქის ტკბილი ბიზნესის თავისებურებების შესახებ, ესაუბრა როგორც სახლიდან მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე, ასევე საკონდიტრო მაღაზიის საკონდიტრო მზარეულებს.
ელენა ხოდიკიანი საკუთარ სამზარეულოში
ელენა ხოდიკიანი არის თვითნასწავლი საკონდიტრო მზარეული, 18 წლიანი გამოცდილებით, იღებს ნამცხვრების შეკვეთებს და მუშაობს სახლიდან. მისი ნამცხვრები ახალქალაქში პოპულარობით სარგებლობს. ამდენი წლის მუშაობის განმავლობაში მას მუდმივი კლიენტები ჰყავს. ის ახალქალაქში “მომავლის სახლში” მუშაობს, ხელმძღვანელობს ხელსაქმის ჯგუფს, მაგრამ ნამცხვრების ცხობას არ წყვეტს და თავის გატაცებას ბიზნესად თვლის.
„ძალიან მიყვარდა ცხობა, ნათესავები და მეგობრები მიკვეთავდნენ ცომეულს, დავიწყე შეკვეთების მიღება. არასდროს მინდოდა საკონდიტრო მაღაზიის გახსნა, ბევრი მეუბნება, ჩემი შვილებიც მეუბნებოდნენ, ამისკენ არასდროს მივისწრაფოდი, მე თვითონ მინდა გაკეთება, მაგრამ საკონდიტრო რომ გავხსნა, მომიწევს მომუშავეების დაქირავება. ახალ წელსაც როცა ბევრი შეკვეთა მქონდა და დახმარებას მთავაზობდნენ, უარს ვეუბნებოდი. გვერდით ხელს მიშლიან, მე უკვე ჩემი ყოველი ნაბიჯი ვიცი, რის შემდეგ რა გავაკეთო, რომ სწრაფად გამომივიდეს“, – ამბობს ელენა ხოდიკიანი.
ამ სფეროში 18 წლიანი მუშაობის შემდეგ, საკონდიტრო მზარეულის თქმით, მას შეუძლია თვალის ზომით გამოიცნოს რა შედის სხვისი ტორტის შეამდგელობაში. ის ამბობს, რომ ყოველთვის ამატებს რაღაც განსხვავებულს თითოეულ რეცეპტს და მას თავისებურად ცვლის, განსაკუთრებით „თუ რამე არასწორს ვხედავ“.
მან საკუთარი ექსკლუზიური რეცეპტიც კი შექმნა.
“ტროპიკანკა” – ექსკლუზიური ნამცხვარი ელენა ხოდიკიანისგან
ელენა ხოდიკიანს მოსწავლეების აყვანაზეც არ უფიქრია, რასაც სახლიდან მომუშავე ბევრი საკონდიტრო მზარეული აკეთებს. მაგრამ, როგორც თავად ამბობს, მზადაა თავისი რეცეპტები და საკონდიტრო მზარეულის საიდუმლოებები ყველას გაუზიაროს. მისი თქმით, ნამცხვრის გემოზე მომზადების დროს ინგრედიენტების დამატების თანმიმდევრობაც კი ახდენს გავლენას.
ელენა ხოდიკიანი კმაყოფილია თავისი ბიზნესით.
„მართალია, ბევრს ვმუშაობ, მაგრამ კმაყოფილი ვარ, ეს ჩემი ბიზნესია, რომელსაც ჩემთვის შემოსავალი მოაქვს. დიდ ქალაქში რომ მემუშავა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მომგებიანი იქნებოდა. სულ ახალ რაღაცებს ვნერგავ, რომ არ იყოს მოსაწყენი, გაფართოება არ მინდა“, – ამბობს ელენა ხოდიკიანი.
ახალქალაქში საკონდიტრო საქმე მომგებიანი ბიზნესია. ბოლო წლებში ახალქალაქში სახლში მომზადებული ტკბილეულის მზარეულების რაოდენობა გაიზარდა, ასევე იხსნება საკონდიტრო მაღაზიები. გარდა ამისა, თითქმის ორი წლის წინ ახალქალაქში გაიხსნა ახალციხის დიდი საკონდიტრო მაღაზიის „ნამცხვრის სახლის“ ფილიალი, სადაც მუდმივად იყიდება ტორტები, ნამცხვრები და სხვა. ამ მაღაზიამაც მოიპოვა პოპულარობა ახალქალაქში.
ადგილობრივი, პროვინციული ბიზნესი ყოველთვის განიცდის ქსელური ოპერატორების მოსვლას, რადგან, როგორც წესი, ქსელური ოპერატორები ყოველთვის გვთავაზობენ ფართო არჩევანს და მომსახურებას, რომელიც მიმართულია კლიენტის კომფორტზე. ხშირად, პატარა ქალაქებში ქსელების ჩამოსვლასთან ერთად, ადგილობრივი სამოყვარულო ბიზნესი მკვეთრ ვარდნას განიცდის და იძულებულია დაიხუროს. საკონდიტრო ბიზნესში, ახალქალაქში „ნამცხვრის სახლის“ გახსნამ, რა თქმა უნდა, ასევე არ შეიძლება გავლენა არ იქონიოს ადგილობრივ მწარმოებლებზე, მაგრამ ჩვენმა რესპონდენტებმა მათ ბიზნესზე შედარებით მსხვილი ქსელური მაღაზიის შემოსვლით ძლიერი გავლენა არ იგრძნეს.
„ამ მაღაზიის გახსნას დიდად არ ვგრძნობ. არ მეშინია, რადგან ჩემი ნამცხვრები მზადდება ნატურალური პროდუქტებისგან, სახლის პროდუქციას ყოველთვის აქვს უპირატესობა საამქრო ცომეულზე. როგორც არ უნდა მუშაობდეს კონვეიერი, ინდივიდუალური უკეთესია. ხელნაკეთი ყოველთვის დაფასდება. ჩემი კლიენტები მყავს, მე მყოფნის”, – ამბობს ელენა ხოდიკიანი.
ამდენი წლის მუშაობის შემდეგ ელენა ხოდიკიანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალქალაქელები შოკოლადის ნამცხვრებს ანიჭებენ უპირატესობას.
საკონდიტრო მაღაზია “AIDAS PASTRI” ახალქალაქში წელიწადნახევარია ფუნქციონირებს. აქ ამზადებენ ფენოვან ნამცხვარს, ღვეზელებს, ტორტებს, ნამცხვრებს, დუბაის შოკოლადს და კიდევ ბევრს – 15 სახეობის საკონდიტრო ნაწარმს. საკონდიტრო მაღაზიის მფლობელი აიდა ხოდიკიანი თავის საქმეს მცირე ბიზნესად მიიჩნევს, ის კმაყოფილია ბიზნესით და გაფართოებას აპირებს. საკონდიტრო მაღაზიაში ძირითადად აიდას ოჯახის წევრები მუშაობენ, ასევე არის ერთი დაქირავებული თანამშრომელი.
საკონდიტრო გასაფართოვებლად ფართს ეძებს.
„ვხედავთ, რომ ხალხს ჩვენი პროდუქცია მოსწონს, ამიტომ გაფართოებაზე ვფიქრობთ, უბრალოდ დიდი ფართი გვჭირდება. გაფართოების შემთხვევაში ასორტიმენტს გავზრდით. უკვე მყავს საკუთარი კლიენტურა. თუ კარგ პროდუქციას მოამზადებ, ყოველთვის იქნება მომხმარებელი. მართალია ისე არა, როგორც დიდ ქალაქებში, იქ ბევრი ხალხია, აქ რაოდენობა შეზღუდულია, მაგრამ ბიზნესი მაინც მიდის და ფულის შოვნა შესაძლებელია“, – ამბობს აიდა ხოდიკიანი.
აიდა ხოდიკიანი საკუთარ საკონდიტროში
„AIDAS PASTRI“-ს მფლობელი თავის საქმეს მცირე ბიზნესად და შემოსავლის წყაროდ მიიჩნევს.
თავიდან აიდა სახლში მუშაობდა და ეს მისთვის ჰობი იყო, შემდეგ კი საყვარელი საქმე ბიზნესად გადაიქცა. სანამ საკონდიტრო მზარეული გახდებოდა, აიდა კერვით იყო დაკავებული, მაგრამ შემდეგ, როცა დაინახა, რომ საკონდიტრო ბიზნესი უფრო მომგებიანი იყო, მასზე გადაერთო. საკონდიტროში ყოველთვის ამატებენ ახალქალაქისთვის უჩვეულო საინტერესო პროდუქტებს, რომელთაგან ზოგი „ფესვიანდება“ და მიღებულია ადგილობრივი საზოგადოების მიერ, ზოგი კი არა. მაგრამ აიდა და მისი ოჯახი ყოველთვის ცდილობენ მოიფიქრონ და განახორციელონ რაიმე ახალი ახალქალაქისთვის.
“ნამცხვრის სახლის” მაღაზიის გახსნამ აიდას ბიზნესზე იმოქმედა, მაგრამ არც ისე ძალიან.
„მე არ ვიტყოდი, რომ ძლიერი გავლენა მოახდინა, მაგრამ ვიგრძენით. მათი ნამცხვრები ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ხალხს ურჩევნია სახლში გამომცხვარი ნამცხვრევი. და არა მხოლოდ ჩემთან, დანარჩენებთანაც, სახლში გამომცხვარი უკეთესია. კლიენტების ნაკლებობას ვერ ვგრძნობ“, – ამატებს აიდა.
საკონდიტრო მაღაზია “AIDAS PASTRI” საახალწლო შეკვეთებზე უკვე მუშაობს. შარშან, აიდას თქმით, ახალი წელი მაღაზიაში აღნიშნეს, შეკვეთები ბევრი იყო.
აიდა ხოდიკიანი ცდილობს თავისი პატარა საკონდიტრო მაღაზია დიდ კაფედ აქციოს, სადაც ერთდროულად მომზადდება ნამცხვრები და ცომეული და მყიდველები ადგილზე მიირთმევენ.
„ახალქალაქში ბევრი საკონდიტრო არ არის, სახლიდან მუშაობენ. ვფიქრობ, ერთმანეთს ხელს არ ვუშლით, ყველას თავისი პროდუქტი და კლიენტურა ჰყავს. მთავარი ის არის, რომ ხარისხს ვიცავთ, და ეს, ვფიქრობ წარმატების ერთადერთი გასაღებია“, – ამბობს აიდა ხოდიკიანი.
საკონდიტრო საქმე წმინდა ქალების ბიზნესია ახალქალაქში, რომელიც ხან სამზარეულოს არ სცდება, ხან კი საკონდიტრო მაღაზიად იქცევა. ჯერჯერობით, ამ ბიზნესის ქსელურმა მაღაზიებმა დამკვიდრებული თავისებურებები ვერ შეცვალეს, თუმცა შეზღუდული, პროვინციული ბაზარი მათ აიძულებს ეცადონ, იყვნენ მოთხოვნადი და გაფართოვდნენ.