დღეს 2025 წლის მეხუთე დღეა და ამ დროისთვის ჯავახეთში დანით ჭრილობის ორი შემთხვევა დადასტურდა.

დანით დაჭრის პირველი შემთხვევა 1 იანვარს ახალქალაქის რაიონის სოფელ ბავრაში, ხოლო მეორე – 2 იანვარს ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძაში მოხდა.

სოფელ განძაში დანით ჭრილობა სიკვდილით დასრულდა. Jnews-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი 2000 წელს დაიბადა. ის სისხლის დაკარგვის შედეგად გარდაიცვალა, დაზიანებული იყო მთავარი აორტა, რაც სიკვდილის მიზეზი გახდა. დაზარალებულის ახალქალაქის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მაშინვე გამოიძახეს რეანიმობილი, თუმცა დაშავებულის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

შსს-დან Jnews-ს აცნობეს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია, საქმე აღიძრა სსკ-ის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

სოფელ ბავრაში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე ასევე აღიძრა საქმე საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ ზიანის მიყენება). დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.