ამირანის გორის ბორცვის ძირში, მდინარის მახლობლად, დასასვენებელი ზონის პირველ ფანჩატურთან, დაჭაობება გრძელდება. თუ ადრე ამ ტერიტორიის გავლით მდინარე თაფარვანის ნაპირებამდე გავლა შესაძლებელი იყო, ახლა მთელი ეს ზონა ჭაობად არის გადაქცეული. ახალქალაქის მოსახლეობა იტყობინებიან, რომ წელს ამ ზონის მიმდებარედ მწერების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, რაც, მათი აზრით, შესაძლოა, წარმოქმნილი ჭაობით იყოს განპირობებული.

ახალქალაქის მერიის ეკოლოგიური სამსახურის გარემოსდაცვითი სამსახურის უფროსის რამაზ ხუციშვილის თქმით, ამ ტერიტორიის დაჭაობება მიმდებარე ტერიტორიების ეკოლოგიაზე გავლენას არ ახდენს.

“ჩვენთვის ცნობილია ეს პრობლემა, რადგან წელს ამინდი წვიმიანია, მდინარე ადიდდა. მდინარეებთან ყოველთვის არიან მწერები, ჭაობი ამას არ უკავშირდება”, – კომენტარი გააკეთა მან.

მისი თქმით, ეს ტერიტორია ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის ფილიალის კომპეტენციაშია და მუნიციპალიტეტს მისი დამოუკიდებლად განკარგვის უფლება არ აქვს.

„დაახლოებით 3 წლის წინ დავუკავშირდით, შევატყობინეთ პრობლემის შესახებ, იმ დროს არაფერი მოიმოქმედეს, ახლა მდგომარეობა არ არის კრიტიკული, იმ შემთხვევაში,თუ გაუარესდება აუცილებლად შევატყობინებთ“, – თქვა რამაზ ხუციშვილმა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალქალაქის მცხოვრებლებისაგან არის საგანგაშო შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ფანჩატურებთან მიახლოება შეუძლებელია, რადგან ამ ზონაში მწერების დიდი რაოდენობაა.

„მანქანით ავედით, ფანჩატურთან დავდექით, უცნაურმა მწერებმა დაიწყეს ფრენა ყველა მხრიდან, დიდი, უჩვეულო ამ ზონისთვის. მივხვდით, რომ აქ 5 წუთიც კი ვერ დავჯდებოდით და მანქანიდან გადმოუსვლელად წავედით“, – ამბობს ახალქალაქის მცხოვრები.

ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის განყოფილებიდან გვაცნობეს, რომ დატბორვის მიზეზი შესაძლოა იქვე არსებული მდინარე იყოს. სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერმა გენადი ბედოიძემ პირობა დადო, რომ ორშაბათს ჩამოვა და ამ ტერიტორიას საკუთარი თვალით გაეცნობა. სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტის შედეგებს Jnews-ი შემდგომ მასალებში გაავრცელებს.