მზის ელექტროსადგურები ერთ-ერთია იმ ტექნოლოგიებიდან, რომლებიც ბუნების დაზარალებისა და შემცირებული რესურსების გამოყენების გარეშე გვაძლევს ელექტროენერგიას. თუმცა პროვინციულ ახალქალაქში ეს ტექნოლოგიები ჯერ არ არის პოპულარული – მოსახლეობა მათ მხოლოდ დაფინანსების მიღების შემდეგ ამონტაჟებს.
ენოქ ბაბაჯანიანი ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტში იყო, რომელმაც მზის ელექტროსადგურებით ისარგებლა. ის ენერგიას ყოველდღიური ცხოვრების გარდა, ბიზნესშიც იყენებს. ელექტროენერგიის დაზოგვის წყალობით მის მიერ მოყვანილი პროდუქციის ღირებულება 2-ჯერ შემცირდა.
„ზოგადად ინოვაციური ტექნოლოგიებია და ჩემს სათბურსაც ამიტომ ჰქვია ინოვაციური – ის საქართველოსა და სომხეთში პირველია. პომიდორი მომყავს და შემიძლია ერთი თვით ადრეც დავთესო. მთელი ზაფხული ელექტროენერგიას EnergoPro Georgia-საც ვაწვდი, თანხა ჩემს ანგარიშზე გროვდება და ზამთრის ან გაზაფხულის თვეებში ვსარგებლობ“, – ამბობს ენოქი.
მზის სადგურის 3 ტიპი არსებობს – პირველი მზის ენერგიას იღებს და ბატარეებში ინახავს, მეორე ელექტრო ქსელს უკავშირდება და ჭარბ ელექტროენერგიას ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაზე ჰყიდის, მესამე კი პირველსა და მეორეს აერთიანებს. ენოქსში ამჟამად მე-2 ტიპის პანელებია დაყენებული და ითვლება, რომ ეს მზის სადგურის ყველაზე ეფექტური ტიპია.
„აკუმულატორები 5 წელი მოქმედებს, შემდეგ ფუჭდება და ძვირიც ჯდება. თუ ბატარეის გარეშე პანელების შემთხვევაში 1 კვტ ღირს 800-900$, მაშინ ბატარეით 1300-1400$-ია საჭირო. ეს ყველაზე შესაფერისი ტიპის პანელებია, რომლებიც ელექტრო ქსელს უერთდება და მთელ მსოფლიოში გამოიყენება. ელექტრო ქსელთან დაკავშირებისას ზედმეტ ელექტროენერგიას 11 თეთრად ჯყიდით და 22 თეთრად ყიდულობ“, – განმარტავს ბიზნესმენი.
მიუხედავად იმისა, რომ ენოქი ელექტროენერგიას 2-ჯერ იაფად ყიდის, ენერგოპროს მისი ვალი მაინც აქვს. საერთო ჯამში 15 კვტ სიმძლავრის 2 სადგური აქვს. 5 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ პროგრამის ENPARD-II-ის ფარგლებში დაფინანსდა, ხოლო 10 კვტ სიმძლავრის ელექტროსადგურს UNDP-ი აფინანსებს.
მთელი ზამთარი ენოქის სათბურსა და სახლში ელექტროენერგია უფასოა. მისი აზრით, მზის პანელები ძალიან ეფექტური ტექნოლოგიაა, მაგრამ საწყისი წვლილი დიდია.
„თუ გრანტია, მაშინ ძალიან ეკონომიური და მომგებიანია, განსაკუთრებით ბიზნესისთვის, რადგან შეგიძლია თვეში დაახლოებით 1000 ლარი მზის პანელებით დაზოგო“, – აცხადებს იგი.
ახალქალაქში არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ხარჯებით, გრანტის გარეშე დაამონტაჟეს მზის ელექტროსადგურები და შედეგით ძალიან კმაყოფილნი არიან.
გრიგორ ჰამბარცუმიანი მზის ენერგიას ბიზნესისთვისაც იყენებს. 200 კვტ სიმძლავრის სადგური დაამონტაჟა და თვეში 8000-9000 ლარს ზოგავს.
„დაახლოებით 4 წელიწადში ხარჯი ანაზღაურდება. სადგური წელიწადნახევრის წინ დავაყენე. დიდი მოთხოვნაც უნდა იყოს, რომ მომგებიანი იყოს. ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაზე მიყიდვა წამგებიანია, მაგრამ იმ ყველაფერს თუ დახარჯავ, რასაც სადგური გაძლევს, მაშინ მოიგებ“, – აღნიშნავს იგი.
დონორი კომპანიების კვლევების მიხედვით, რომლებიც მსგავს პროექტებს აფინანსებენ, ახალქალაქს წელიწადში 250 მზიანი დღე აქვს. ექსპერტებისა და ამ პანელების მფლობელების უმეტესობა თანხმდება, რომ რეგიონი მზის ენერგიის გამოყენებისთვის შესაფერისია. თუმცა ახალქალაქში მზის ბატარეებით მოვაჭრე კომპანიის “Eco Energy”-ს დირექტორი რამაზ ყავრელიშვილი აღნიშნავს, რომ მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს აქვს დამონტაჟებული მზის სადგურები, ხოლო 95%-მა, ვინც იგი დაამონტაჟა, ეს გრანტით მოახერხა და არა პირადი სახსრებით.
„ზოგადად მოთხოვნა არის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყველას აინტერესებს, რადგან საკითხი პოპულარიზაციას საჭიროებს. უბრალოდ ლაპარაკი და ზარის ლოდინი არაფერს იძლევა. ჩვენ სხვა ვარიანტს ვთავაზობთ: ადამიანმა ერთდროულად დენიც მიიღოს და გათბობაც. 6-7 თვიანი ზამთარი გვაქვს, თითოეულ კლიენტს ისე ვუნაწილებთ, რომ მთელი წლის განმავლობაში საკმარისი ელექტროენერგია და გათბობა ჰქონდე და კომუნალურები აღარ გადაიხადონ “, – ხსნის რამაზი.
მისივე თქმით, 1 კვტ-ის დამონტაჟების ღირებულება 700-დან 1000 დოლარამდე შეიძლება მერყეობდეს. რამაზი დარწმუნებულია, რომ სწორი მიდგომით, მზის სადგურების პირადი სახსრებით მონტაჟიც სარგებლის მომტანია.
„მხოლოდ სინათლისთვის დაყენება მომგებიანი არ არის, რადგან დენის გადასახადი თვეში მაქსიმუმ 100-120 ლარია. მაგრამ ჩვენ შეშას ვყიდულობთ, ვათბობთ და თუ ამ მხრიდან შევხედავთ, შეგვიძლია გაზაფხულსა და ზაფხულში ელექტროენერგია სახელმწიფოს მივყიდოთ, შემოდგომასა და ზამთარში, როცა გათბობა გვჭირდება, თანხა უკვე ანგარიშზე გვექნება და გამოვიყენებთ“, – აცხადებს რამაზი.
როგორც იგი აღნიშნავს, მზის ელექტროსადგურების დაყენების ანაზღაურება კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული – რომელი ოჯახი რამდენ ელექტროენერგიას ხარჯავს. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანს ყველა დეტალი სწორად აუხსნა და დროთა განმავლობაში პანელების მუშაობის მონიტორინგი უზრუნველყონ.
„გრანტის მოგება ყველა ადამიანს არ შეუძლია, მაგრამ ასეთ აღჭურვილობაზე ხელი ყველას მიუწვდება. ადამიანებს ისეთ სისტემებს ვთავაზობთ, რომლებიც მათთვის არის შესაფერისი, თუ ერთიანი თანხა არ აქვთ, განვადებასაც ვთავაზობთ. სესხი 3-4 წელიწადში იფარება, 25-30 წელი კი უფასო ელექტროენერგია გექნება“, – განმარტავს ის.
საქართველოში მთავრობის მხრიდან მზის ენერგიის გამოყენების სფეროში მასშტაბური პროგრამები არ მოიძებნება. Report.ge-ს ინფორმაციით, 2020 წელს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდის დაფინანსებით 87 მაღალმთიანი სოფლის 207 ოჯახმა უვადო სარგებლობისთვის 1500 ვატიანი მზის პანელები დაამონტაჟა. პროგრამა საქართველოს 8 რეგიონში უნდა განხორციელებულიყო: მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო-სვანეთი, კახეთი და აჭარა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში პროგრამა განიხილებოდა, მაგრამ მზის პანელები არ დამონტაჟდა.
2021-2022 წლებში ევროკავშირის მხარდაჭერით პროგრამის ENPARD III-ის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზის წყლის გამაცხელებლების მონტაჟი საქართველოს 8 რეგიონში დააფინანსა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამ შესაძლებლობით 23-მა ადამიანმა ისარგებლა.
2022 წელს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNPD) მხარდაჭერით, პროექტ ENPARD-ის ფარგლებში, ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლის თემებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს შორის მზის ფოტოელექტრული სისტემების შესაძენად კონკურსი გამოაცხადა. პროექტის შედეგად, რომლის მიზანიც განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობაა, 16 ოჯახმა მზის ენერგია საკუთარ სახლში გამოიყენა.
ახალქალაქის LAG-ის თავმჯდომარე სერგეი ხაჩატრიანი აღნიშნავს, რომ რეგიონში მზის ენერგიას ფართოდ არ იყენებენ, რადგან პირადი ინვესტიციების ანაზღაურებას დაახლოებით 5-6 წელი სჭირდება. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში ყოველი ასეთი ტექნიკა არა სახელმწიფო სახსრების, არამედ გრანტების ხარჯზე დამონტაჟდა.
„ვფიქრობ, აქ მთავარ როლს მხოლოდ ფინანსური საკითხი თამაშობს. ძვირია, გამოყენება კი ხანგრძლივი. ხალხს ეფექტურობაში ეჭვი ეპარება. დაინტერესებულები არიან, მაგრამ არ მინახავს ვინმეს საკუთარი სახსრებით შეეძინოს”,- აღნიშნავს სერგეი.
ექსპერტები და „მზის“ ტექნოლოგიების მომხმარებლები თანხმდებიან, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი აუცილებელ პირობებს აკმაყოფილებს და განახლებადი ენერგიის სფეროში განვითარების პოტენციალი აქვს. თუმცა ამ ეტაპზე რაიონის მცხოვრებლები მზის სადგურების დამონტაჟებაში საკუთარი სახსრების დაბანდებას მიზანშეწონილად არ თვლიან, რადგან მაღალი ფასი და გამოყენების ხანგძლივი პერიოდი აქვს.