
24 აპრილს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის 108 წლისთავთან დაკავშირებით ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში პანაშვიდი გაიმართა. ახალქალაქელებმა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლი ყვავილებით შეამკეს და წმინდა მოწამეებს სანთლები დაუნთეს.
წირვა ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიის მღვდელმსახურმა ტერ ნარეკ ტიგრანიანმა და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის წინამძღვარმა ტერ ნიშან ჰამაიაკიანმა აღავლინეს. გენოციდის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ქვაჯვართან მერიის, საკრებულოს, ყველა მუნიციპალური დაწესებულების, სასამართლოს თანამშრომლებმა, ბანკებმა, ბიზნესმენებმა, ახალქალაქის ქართული ეკლესიის წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ყვავილები მიიტანეს. 12:00 საათზე მემორიალი ყვავილებით ახალქალაქის ყველა სკოლის მოსწავლეებმა და თანამშრომლებმა, ახალქალაქის სერვისცენტრის დასაქმებულებმა შეამკეს.
წირვის დასრულების შემდეგ სურბ ხაჩის ეკლესიაში უდანაშაულო დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სანთლები დაანთეს.
მილიონნახევარზე მეტი სომეხის განადგურების შემდეგ ოსმალეთის იმპერიაში რამდენიმე თაობა დაიბადა და გაიზარდა. ახლანდელ თაობას გენოციდი არ გამოუცდია, არც მათი ბებია-ბაბუები იყვნენ მოწმეები, თუმცა ამბებს ახლობლებისგან გადმოცემით ჰყვებიან. ხოცვა-ჟლეტის მოგონებები რჩება, რადგან გენოციდმა რადიკალურად შეცვალა სომხების ცხოვრება და იგი მათ გენეტიკურ მეხსიერებაში დარჩა.
გენოციდის დროს „გაფანტული“ სომხები მთელ მსოფლიოში დასახლდნენ და დღემდე ცხოვრობენ. გენოციდის თემა ერთ-ერთი ის საკითხია, რომელიც საერთო ამოსავალი წერტილია ყველა სომეხისთვის. მისი აღიარება იმ ქვეყნის მიერ, რომლის მოქალაქეც და რეზიდენტიც სომეხია, ყოველთვის მნიშვნელოვან საკითხად რჩება.