თეთრობში იმ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა კვლავ შეჩერდა, რომელიც რამდენიმე ტურისტულ მარშრუტს ერთმანეთთან დააკავშირებს. ჯავახეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებამდე რამდენიმე ეტაპია დარჩენილი.
პროექტი წელს უნდა დასრულდეს, თუმცა ახლა საკმაოდ რთული კლიმატური პირობები მშენებლობას ხელს უშლის. მშენებელსა და დამკვეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მშენებლობა მაისში განახლდება. ჯავახეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას სამშენებლო მოედანი ჯერ არ შეუმოწმებია და მათთვის უცნობია რა გაკეთდა ზამთარში, გზების გაუვალობის გამო.
„ვადაში დაასრულებენ საქმეს. მხოლოდ აბრების დადგმა და სახლებზე მზის პანელების დაყენება დარჩა. ჯამში 3 კოტეჯია და ყველა დასრულდა, ერთ-ერთი ავეჯითაც გაფორმდა. დასრულებულია ბილიკები, ინფრასტრუქტურა, სადაც შეგიძლიათ თავისუფალი დრო გაატაროთ. დაახლოებით ერთი კვირა, 10 დღეა კოტეჯები არ შეგვიმოწმებია, რადგან გზა მიუვალია და მხოლოდ რეინჯერების კოტეჯებამდე მივდივართ. უფრო მაღლა ვერ ავდივართ“, – განმარტავს ჯავახეთის ეროვნული პარკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ კარაპეტიანი.
გერმანიამ საქართველოს 16 000 250 აშშ დოლარის გრანტი გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკის KFW-ის მეშვეობით დაცული ტერიტორიების დაარსებისა და განვითარების მიზნით გადასცა, რომელიც მომდევნო ექვს წელზეა გათვალისწინებული. გერმანიის მიერ გამოყოფილი თანხები ნაკრძალების ადმინისტრაციების მუშაობის გაუმჯობესებას და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, ეკოტურიზმის განვითარებას ემსახურება. გერმანული ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტს “ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება – საქართველო” ჰქვია.
პროგრამის ფარგლებში თეთრობის ნაკრძალში ჯავახეთის ეროვნულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას. მშენებლობა გასულ ზაფხულს, 2022 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში 3 კოტეჯი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო. ბილიკები სხვა ტურისტულ ბილიკებს შემდეგ დაუკავშირდება, მთელი სისტემა შეიქმნება. წყაროებთან განთავსდება 3 კოტეჯი, თავლა, უნაგირი, საცხენოსნო ტერიტორია, შეგეძლებათ კოცონის დანთება ისეთ ადგილას, რომელიც ხანძრისგან დაცული იქნება.
ადგილი ნაკრძალად ითვლება, რადგან აქ იშვიათი ხავერდოვანი ყვავილი იზრდება, რომელიც მსოფლიოს ოთხ ადგილას გვხვდება. ყვავილს ჯავახეთის პამპარულა ჰქვია, თეთრია და ნაკრძალის სახელწოდებაც მას უკავშირდება – თეთრობი (ქართულიდან თარგმნანი – „თეთრი ადგილი“). ნაკრძალის ტერიტორია 3 000 ჰექტარია. იგი მთიან ჯავახეთში ჟანგბადით ყველაზე მდიდარი ადგილია.