13 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი საქართველოში რეგიონის ხელმძღვანელობას შეხვდა, ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიას ესტუმრა და სომხური მე-4 სკოლა დაათვალიერა.
სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი ახალციხიდან 18:00 საათზე ორდღიანი, გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში ახალქალაქში ჩამოვიდა. ელჩი ჯერ ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიას ეწვია, სადაც მას სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატი, მეუფე ტერ ნშან ჰამაიაკიანი და მღვდელი ტერ ნარეკ ტიგრანიანი დახვდნენ. ის ეკლესიის ისტორიას და მდგომარეობას გაეცნო, ადგილობრივ სასულიერო პირებს გაესაუბრა და დერენიკ დემირჩიანის სახელობის სომხური სკოლისკენ გაემართა.
ახალდანიშნულ ელჩს სკოლის მოსწავლეები საუცხოოდ გაუმასპინძლდნენ. მათ ელჩის ვიზიტთან დაკავშირებით საგანგებო ღონისძიება გამართეს, სადაც ბავშვებმა ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის კეთილმეზობლურ და მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრეს. ელჩმა სმბატიანმა სკოლის ადმინისტრაციას და მოსწავლეებს ასეთი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ბავშვებს კარგი სწავლისკენ მოუწოდა. ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თერეზა ჩივჩიანის, ასევე დერენიკ დემირჩიანის სახელობის სკოლის დირექტორის გაიანე იერემიანის თანხლებით ელჩმა სკოლაც დაათვალიერა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის ელჩი ახალქალაქის მერს მელქონ მაკარიანს, საკრებულოს თავმჯდომარეს ნაირი ირიციანსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს შეხვდა. მერიის სხდომათა დარბაზში აშოტ სმბატიანმა მიღებისთვის მადლობა გადაიხადა, სომხურ-ქართული მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა.
საქართველოს ელჩის აშოტ სმბატიანის ვიზიტი ჯავახეთში გრძელდება. 15 დეკემბერს ელჩი ნინოწმინდაში გამართავს შეხვედრებს, ახალქალაქში კი ფრუნზიკ მკრტჩიანის შესახებ მომზადებული ფილმის ჩვენებას დაესწრება.