სამი თვის განმავლობაში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში „ჭკვიანმა კამერებმა“ ნინოწმინდაში 756 სამართალდარღვევა დააფიქსირა (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით). 129-მა პირმა ჯარიმა პირველი 10 დღის განმავლობაში გადაიხადა და 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა.
ნინოწმინდაში კამერებმა ძირითადად ტექდათვალიერების არ მქონე ავტომობილები დააფიქსირეს. დაჯარიმებულებიდან 16 – იურიდიული, 740 კი ფიზიკური პირია.
ნინოწმინდაში 2022 წლის პირველი 3 თვის მონაცემებით ჭკვიანმა კამერებმა 1 715 ადამიანი დააფიქსირეს, მათ შორის – 23 იურიდიული და 1 692 ფიზიკური პირი. 324-მა ჯარიმა პირველი 10 დღის განმავლობაში გადაიხადა და 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა. აპრილ-ივნისში დაფიქსირებული ჯარიმები შემცირდა და 743 შემთხვევა შეადგინა. ეს დარღვევები ტექდათვალიერების შეუსრულებლობასაც უკავშირდებოდა. დაჯარიმებულებიდან 738 – ფიზიკური, 5 – იურიდიული პირია.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 118-ე მუხლით ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე დაკისრებული პირი ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობს; ჯარიმა ფიზიკურ პირებზე 50 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის 200 ლარი.